„პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 12:22

„ევროპის სახლში“ პროექტის – „პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ – პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, პოლონეთის საელჩოსა და „ევროპის სახლი“–ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

პროექტის ფარგლებში, შსს-ს არქივში დაცული, პოლონელთა რეპრესიების ამსახველი უნიკალური ფოტო–დოკუმენტების გამოფენა მოეწყობა. აგრეთვე ნაჩვენები იქნება შსს–ს საარქივო მასალებზე დაყრდნობით გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „პოლონური ოპერაცია“. მასში XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებზე, ასევე, ამავე საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე პოლონელების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზეა მოთხრობილი.

1937-38 წლებში მარტო შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის, ე.წ „ტროიკის“ მიერ გასამართლებულ იქნა საქართველოში მცხოვრები 145 პოლონელი, მათგან 88-ს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიესაჯა. დახვრეტილთა შორის – 10 ქალბატონი იყო. შსს-ს არქივზე დაყრდნობით გადაღებული ფილმის ერთ-ერთი გმირია გამოჩენილი პოლონელი მოღვაწე, მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი, რომელმაც ქაშუეთის ტაძრის გარკვეული ნაწილი მოხატა. ის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ილუსტრატორია. 68 წლის ჰრინევსკი ჯაშუშობის ბრალდებით 1937 წელს დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლებამ პოლონელ მხატვარს დახვრეტა მიუსაჯა.

ღონისძიებას პოლონეთის მხრიდან დაესწრებიან: საქართველოში პოლონეთის ელჩი ურშულა დოროჟევსკა, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი ლუკაშ კამინსკი და პოლონეთიდან სპეციალურად ჩამოსული, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ: შსს–ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, შსს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ასევე, სტუმრები საქართველოს კულტურის სამინისტროდან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

გამოფენა დღეს, 15 საათზე გაიხსნება და 10 დღეს გასტანს.

მისამართი-„ევროპის სახლი“, შალვა დადიანის 2

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61