ბიძინა ივანიშვილის ყრილობაზე გამოსვლის სრული ტექსტი

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 17:29

მადლობა მინდა მოგახსენოთ საპატიო თავმჯდომარედ არჩევისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს, რომელსაც ძალიან მძიმე პერიოდში დაეკისრა პარტიის ხელმძღვანელობა, მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თითოეულ წევრს, თითოეულ აქტივისტს, თითოეულ მხარდამჭერს, ასევე კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ლიდერებს, რომლებმაც დიდი დახმარება და თანადგომა გაუწიეს ჩვენს პარტიას.

პარტიას დაარსებიდან სულ რამდენიმე თვეში მოუწია ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენ ამ არჩევნებში კოალიციურ რეჟიმში გამოვედით და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

გახსოვთ ყველას, პარტიის ჩამოყალიბება როგორ ფორსმაჟორულ რეჟიმში მოხდა, რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიწია. პოლიტიკური საქმიანობისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ გვქონდა. პარტიაში გაწევრიანების გამო ადამიანებს იჭერდნენ და ოჯახებს აშანტაჟებდნენ, აქტივისტებს არბევდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ, თუმცა, პარტიამ ღირსეულად გაუძლო ყველა განსაცდელს და არჩევნებში ჩვენმა კოალიციამ დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.

დღეს ჩვენს პარტიას პარლამენტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს. ამიტომაც ახლა სრულიად სხვა ამოცანების წინაშე ვდგავართ, დღეს ჩვენს წინაშე სრულიად სხვა დღის წესრიგია.

ხალხი გვენდო და ხმა მოგვცა, და ჩვენ ვალდებული ვართ გავამართლოთ ეს ნდობა. ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო დიდია და ჩვენი ვალია ეს ტვირთი ღირსეულად ვატაროთ.

დღეს ჩვენ მოვიწვიეთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ყრილობა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ ჩვენი პარტიის პოლიტიკური საქმიანობის ძირითად ამოცანებზე და დავადუსტუროთ, რომ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან თანამშრომლობით ვაპირებთ ქვეყანაში ნამდვილი, ძლიერი დამოკრატია შევქმნათ და დავუბრუნოთ ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს თავისუფლება და ღირსება, აღვადგინოთ და დავიცვათ მისი უფლებები, დავამყაროთ ქვეყანაში სამართლიანობა.

ხალხმა გარკვევით უნდა იცოდეს, რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია გაჰყვეს, ვის მიემხროს და ვის არა, ვინ აირჩიოს და ვინ არა. ხალხს სიცხადე სჭირდება.

ამისთვის აუცილებელია პარტია დაეფუძნოს გამოკვეთილ და ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას და შექმნას ისეთი პარტიული სისტემა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

პირველ რიგში, აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტია არასოდეს ჩადგება ისეთ სახელისუფლებო პარტიათა რიგში, რომელთა არსებობის სამწუხარო პრაქტიკაც იყო ჩვენს ქვეყანაში. ბოლო ოცი წელია მმართველ პარტიაში ერთიანდებიან არა იდეოლოგიური და ღირებულებითი ნიშნით, არამედ მას ეტმასნებიან გამდიდრებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილით შეპყრობილი ადამიანები.

ასეთი პარტიები ყოველთვის ერთნაირ ბედს იზიარებენ - ხელისუფლებიდან წასვლისთანავე იშლებიან და მათი არსებობაც კი აღარავის ახსოვს. ,,ქართულმა ოცნებამ“ სხვა პრაქტიკა უნდა დაამკვიდროს - ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს არსებობა და აქტიური პოლიტიკური საქმიანობა. ეს უნდა იყოს იდეოლოგიითა და ღირებულებებით შეკავშირებული ადამიანების ერთობა, რომელიც ოპოზიციაშიც სიცოცხლისუნარიანი იქნება.

სწორედ ეს განასხვავებს თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს სხვა ქვეყნებისგან და ჩვენ ვალდებული ვართ, ბოლოს და ბოლოს, ქვეყანა ახალ, ცივილიზებულ ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ.

იმას კი, რაც ამ ბოლო დროს პარტიის რეგიონალურ სტრუქტურებში მოხდა, საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან. ყველამ კარგად იცით, რეგიონებში რამდენი ადამიანი გაწევრიანდა პარტიაში და მათ შორის რამდენი აღმოჩნდა თანამდებობისა და ხელმძღვანელობის მსურველი. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

გარწმუნებთ, ძალადობით თავს ვერავინ დაიმკვიდრებს, ვერც ხელმძღვანელ პოსტებზე მოხვდებიან ძალაუფლების მოპოვების ჟინით შეპყრობილი ადამიანები. ურთიერთქიშპით მხოლოდ კნინდება და სახელი უტყდება ჩვენს პარტიას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ!

მე სრულიად შეგნებულად გადავწყვიტე, არ ჩავრეულიყავი ადგილებზე პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. მე არ ვიკადრე, თბილისიდან დამენიშნა ხელმძღვანელი პირები. ეს საქმე ადგილებზე, რაიონულ ორგანიზაციებს მივანდე, თუმცა ბევრ გაუგებრობას წავაწყდი. ამას, რასაკვირველია, თავისი ახსნა მოეძებნება.

არჩევნების შემდეგ ხალხმა ამოისუნთქა და თავისუფლად აზრის გამოთქმის საშუალება მიეცა, და ეს ყველამ ისე გამოხატა, როგორც შეძლო. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ზოგმა ურთიერთობის ფორმად დაპირისპირება აირჩია, რაც არ შეგვშვენის.

ჩვენ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ჩვენ დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ, მაგრამ თითქმის არა გვაქვს დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება და პოლიტიკური კულტურა. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ – ხელისუფლებამაც და ხალხმაც. ამ პროცესში შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას, მთავარია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.

მინდა შევეხო იმ დაპირისპირებასაც, რომელიც ამ ბოლო დროს ჩხუბში და ცემა–ტყეპაში გადაიზარდა, მათ შორის პოლიტიკოსების გაწევ–გამოწევაც ვიხილეთ. კარგად მინდა გავაანალიზო, რა მოხდა და რასთან გვქონდა საქმე საჯარო ბიბლიოთეკასთან. მე კარგად მესმის აღელვებული, სააკაშვილისგან უფლებააყრილი ხალხის, რომელიც პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბა. ამას მათ, რა თქმა უნდა, ვერავინ დაუშლის. მაგრამ ის, რაც მერე მოხდა, ყოვლად დაუშვებელია.

ახლავე უნდა ვისწავლოთ ის, რომ უსამართლობას კანონის ძალით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით, რადგან თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ პირადად უნდა გაუსწორდნენ და ასე აგებინონ პასუხი მოძალადეს, - არაფერი გამოვა, ასე სახელმწიფო არ აშენდება.

ერისა და ქვეყნის კულტურა სწორედ აქ ვლინდება. სწორედ სახელმწიფო და კანონია ის ძალა, რომლის იმედიც უნდა ჰქონდეს კაცს. სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა, თორემ, სხვანაირად, უსამართლობა ახალ უსამართლობას შობს, ძალადობა - ძალადობას, და ქიშპი და ანგარიშსწორება აღარ დამთავრდება, ქვეყანაში განუკითხაობა დაისადგურებს და ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგება.

მესმის, რომ ძნელია ამის მოსმენა იმ ხალხისთვის, რომელმაც რეჟიმის ძალადობა საკუთარ თავზე იწვნია, მაგრამ მერწმუნეთ, ეს თუ არ შევაჩერეთ, გაცილებით მძიმე შედეგებამდე მივალთ. მე გპირდებით, რომ სამართლიანობას აუცილებლად აღვადგენთ, მაგრამ ეს ცივილიზებულად უნდა მოხდეს, ისე, როგორც ეს ჩვენს დიდი კულტურის ქვეყანას ეკადრება. სამართლიანობის აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, დრო სჭირდება და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ.

ჩვენ არ დავუშვებთ რევანშს, მაგრამ გპირდებით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს კანონის წინაშე!

პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით სამართლიანობის აღდგენის გზაზე. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი. ბევრი პატიმარი დაუბრუნდა ოჯახს. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრებიც, ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერისა თუ განსხვავებული აზრისთვის კრიმინალებად მონათლეს, ადამიანები, რომლებიც უსასტიკეს, შეურცხმყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს.

ახლა პანიკას თესავენ, არიქა, ამნისტიის წყალობით გამოუსწორებელი დამნაშავეები გამოვიდნენ გარეთ და ქვეყანას კრიმინალების თარეში ემუქრებაო. ჩვენი სამართლდამცავი ორგანოები არ დაუშვებენ კრიმინალის გაზრდას და ვინც დააშავებს, ყველა სათანადოდ აგებს პასუხს.

პირობას გაძლევთ, რომ წინ აღვუდგებით ნებისმიერ უკანონობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა დამყარდეს. ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. პირობას გაძლევთ,

განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის აღარავინ დაისჯება.

დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ააშენებ, თუ შენი მოსახლეობა დაშინებული და დაჩაგრულია. სახელმწიფოს სჭირდება სამოქალაქო საზოგადოება, მკვეთრად გამოხატული მისწრაფებებითა და ნებით, და რაც მთავარია, თავისუფალი, ღირსეული, დაფასებული და აქტიური ადამიანი - მოქალაქე.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი და ღირებულება იქნება ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა და განმტკიცება.

ჩვენი უმთავრესი მიზანია შეძლებისდაგვარად საუკეთესო პირობები შევუქმნათ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უსაფრთხო ცხოვრებისათვის, ხელი შევუწყოთ მისი პიროვნების განვითარებას, რათა ღირსეულად შეძლოს ცხოვრება.

ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ ადამიანის ღირსებასა და პირად ცხოვრებას ვერავინ შეეხება, ვერც საზოგადოება და ვერც სახელმწიფო.

თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ქვეყანა მაშინ არის ძლიერი, როცა სახელმწიფოს აქვს მმართველობის ჩამოყალიბებული სისტემა, ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს გადაჭარბებულ და უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრას ხელისუფლების რომელიმე რგოლში, რომელიმე თანამდებობის პირის ხელში. ასეთ სისტემად ჩვენს პარტიას ესახება საპარლამენტო რესპუბლიკა, ძლიერი მთავრობითა და იმ აუცილებელი პირობით, რომ ძალაუფლება გადანაწილდება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების შტოებს შორის.

საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია შეიცავს გაუგონარ ნორმას – საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს ისე დანიშნოს მთავრობა, რომ არ შეუთანხმოს პარლამენტს, ხალხს.

მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს ამის პრეცედენტი, არსად არ ეძლევა ერთ კაცს იმის შესაძლებლობა, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა და ამით ხალხს მოჰპაროს ძალაუფლება. 9 წელი გვაცხოვრეს ქვეყანაში, რომელსაც კონსტიტუციით ჰქონდა გაფორმებული დიქტატურა.

ამიტომაა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა აღდგეს ქართველი ხალხის კანონიერი უფლება და დაუბრუნდეს წართმეული ძალაუფლება.

ასეთი ცვლილებების აუცილებლობა საპარლამენტო უმცირესობის წევრებსაც კარგად ესმით. ეს რომ ესმით, იმიტომაც შემოგვთავაზეს გონივრული წინადადება, რომ ოქტომბერში ასამოქმედებელი კონსტიტუციის რამდენი ნორმა ახლავე ავამოქმედოთ. მე მივესალმები ყველა გონივრულ აზრს, სახელმწიფოს ინტერესებისათვის გადადგმულ ყველა ნაბიჯს და მჯერა, რომ ამით მხოლოდ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა მოიგებს.

თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ სამომავლოდ ამაზე გაჩერებას. კონსტიტუცია აუცილებლად გადაიხედება, რადგან, სამწუხაროდ, ბევრ სხვა ხარვეზსაც შეიცავს.

კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს კონკრეტულ კაცსა და კონკრეტულ ვითარებაზე მორგებული. კონსტიტუციაში არ შეიძლება იყოს ისეთი აბსურდული ჩანაწერი, რომელიც, მაგალითად, საფრანგეთის მოქალაქეს აძლევს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებას, ხოლო თუ იგივე მოქალაქე ამავე დროს საქართველოს მოქალაქეც გახდება, მას უზღუდავს ამ უფლებას, ისევე როგორც პარტიის თავმჯდომარეობის უფლებას.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი პარტია საპარლამენტო რესპუბლიკის იდეის მომხრეა, თუმცა კოალიციაში არსებობს სხვა მოსაზრებაც, კერძოდ, თავისუფალი დემოკრატები საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს უჭერენ მხარს. აზრთა სხვადასხვაობა სავსებით ნორმალურია და ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს კონსენსუსის გზით გადავწყვეტთ და კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაშიც ზუსტად ასეთი ჩანაწერი გავაკეთეთ. საბოლოოდ, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ფართო შეთანხმების საგნად იქცეს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელსაც უახლოესი ათწლეულების განმავლობაში აღარ დასჭირდება გადახედვა.

ხალხის მონაწილეობის გარეშე არ გადაწყდება არც ერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია გააკონტროლოს ხელისუფლება და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. ხელისუფალთ კი უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ხალხის მსახურები არიან და არა მათი უფროსები.

ჩვენ შევქმნით რეალურ თვითმმართველობას, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედი და მთავარი ინსტიტუტია.

ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა ხელისუფლების რეალური გადანაწილება ადგილებზე და არა დედაქალაქიდან პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მექანიკური და გაუაზრებელი გადატანა.

ჩვენი მიზანია რეალური დეცენტრალიზაცია, რაც განვითარების საშუალებას მისცემს სოფლებსა და ქალაქებს. ვერა და ვერ ვეღირსეთ ნადვილ თვითმმართველობას, – დამოუკიდებელს, ძლიერს, დემოკრატიულად არჩეულს.

მმართველობის ასეთი სისტემა თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას აკისრებს.

პასუხისმგებლობა და თავისუფლება ერთმანეთისგან განუყრელია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თავისუფლებაში ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ ჩვენს სოფელსა თუ ქალაქზე, ჩვენს ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღება.

კარგად უნდა გავიაზროთ ის, თუ რას ნიშნავს თავისუფლება. თავისუფალი ჰქვია იმას, ვინც თავის გადაწყვეტილებას ემორჩილება; იმას, ვინც არ გაექცევა თავის არჩევანს, ანუ პასუხისმგებლობას იღებს თავის გადაწყვეტილებებზე.

ეს არის ქვეყნის დემოკრატიული მმართველობა, ასეთია ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესი და ჩვენც სწორედ აქეთკენ უნდა მივისწრაფოდეთ.

ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროპისკენ არავის კუთვნილება არ არის. გაიხსენეთ ჩვენი ისტორია - საქართველოს საუკუნეების განმავლობაში, ყოველთვის ევროპისკენ ეჭირა თვალი.

ევროპა საქართველოსთვის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ იყო. ამას მოწმობს ჩვენი სარწმუნოება, კულტურა, ქართველი კაცის მსოფლმხედველობა. სულხან-საბას, ილიასა და ვაჟას ქვეყანაში ვერავინ დაიჩემებს, – ვერც ნაციონალური მოძრაობა და ვერც ქართული ოცნება, – რომ ევროპული გეზი მხოლოდ მისი კუთვნილებაა. ტყულია, რომ ევროპული არჩევანი ნაციონალური მოძრაობის კუთვნილებაა, ტყუილია, რომ ვინმე აპირებს ამ გზიდან გადახვევას. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა.

სწორედ ამ ისტორიული მიზნის მისაღწევადაა საჭირო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და ამ გზას ჩვენი ხელისუფლება უპირობოდ ადგას.

ამ გზაზე ყველაზე მეტად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარება და ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან. ამ ორი დღის წინ წარმატებით ჩაიარა თურქეთში ვიზიტმა. ასეთივე წარმატებული იყო სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩვენი ვიზიტები. ურთიერთობის დალაგება დავიწყეთ რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენის მიმართულებით, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ქართული პროდუქციისთვის იხსნება რუსული ბაზარი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.

ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს შეთანხმების და არა დაპირისპირების ადგილი, საქართველო ბუნებრივად არის დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციათა და კულტურათა თანხმობის ადგილი, და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ საქართველო პოლიტიკური თანხმობის ადგილიც გახდეს.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ტრადიციებს. ტრადიცია კი, პირველ რიგში, ძველის შენახვასა და გაფრთხილებას გულისხმობს. მაგრამ, ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია. ეს ის ორი ძირითადი პრინციპია, რომელიც ქართული კულტურის თვითმყოფადობასა და სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს.

ჩვენ ერთნაირად ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო როგორც ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სიახლეთა დამკვიდრებისას. უნდა გვახსოვდეს, რომ კრიტიკული აზროვნებით უნდა ვუდგებოდეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას. საღი, დამოუკიდებელი აზროვნების გარეშე ვერასოდეს გავთავისუფლდებით ზედაპირულობისაგან.

მე მჯერა, რომ ქართულ ტრადიციაზე, ქართულ კულტურაზე აღზრდილი ადამიანი არ განასხვავებს სხვა ადამიანს მისი ეროვნების ან რელიგიის გამო; ჩვენ სწორედაც რომ ქართულ ტრადიციას, მის საუკეთესო ნაწილს ვეყრდნობით, როდესაც ვამტკიცებთ, რომ ჩვენთვის ქართველებისთვის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ჩვენი თანამოქალაქეა, სხვაგვარად ქართველები, პირველ რიგში, საკუთარ ტრადიციას და კულტურას ვუღალატებთ და დავამცირებთ.

ჩვენ უნდა გავხდეთ დემოკრატიული, სამართლიანი, მშვიდობიანი და ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, ომი უკვე გამოვიარეთ და კარგად გვესმის მშვიდობის ფასი. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ერთმანეთის გულებისკენ მიმავალი გზები, ერთმანეთის პატიება უნდა შევძლოთ და ავაშენოთ საერთო სახელმწიფო, რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის.

აი, ეს გახლავთ ის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც ჩვენი პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ეფუძნება.

ახლა მინდა მოკლედ შევეხო იმას, თუ რა გავაკეთეთ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე და როგორ ვასრულებთ იმას, რასაც დავპირდით ხალხს და რასაც მხარი დაუჭირა ჩვენმა ამომრჩეველმა.

მე დღეს შემიძლია განვაცხადო - მთავრობა თავდაუზოგავად მუშაობს და ამ მუშაობის შედეგებს სულ ცოტა ხანში ყველა იგრძნობთ.

ჩვენ შევამცირეთ ათეულობით მილიონი გაუმართლებელი ხარჯი, აგარაკებსა და ათასგვარ ფუფუნების საგნებში საერთოდ ავკრძალეთ ბიუჯეტის ფულის ხარჯვა.

ვმუშაობთ 24 საათი, მრავალი მიმართულებით – მივხედეთ ჩვენს სოფლებს, დავიწყეთ საგაზაფხულო სამუშაოები, მივხედეთ განათლებას – გავზარდეთ სტუდენტების დაფინანსება, 14 ფაკულტეტი იქნება უფასო, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ დაიწყო ინვესტიციების ჩადება განათლებაში, ვაზღვევთ ყველა მოქალაქეს, გავზარდეთ პენსიები და სოციალური დახმარებები, შემცირდა გადასახადები, დაიწყო ფასების კლება, შევქმენით 3 საინვესტიციო ფონდი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენებას მოხმარდება, და მრავალი სხვა, რაზეც აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

ქვეყნის ფეხზე დაყენებას სწორი ეკონომიკური პოლიტიკით შევძლებთ. ხელისუფლების წნეხისაგან თავისუფალი ბიზნესი საშუალო კლასის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ბიზნესთან დამოკიდებულება ყველაზე კარგად წარმოაჩენს ხელისუფლების რეალურ სახეს.

რამდენიმე დღეში ბიზნესმენებთან მექნება შეხვედრა და იქ დეტალურად განვიხილავთ ყველა საკითხს. მაგრამ აქედანაც მინდა ხმამაღლა მივმართო ჩვენს ბიზნესმენებს: თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება, სახელმწიფო არ ჩაერევა თქვენს საქმიანობაში და არც არავის მისცემს ამის უფლებას.

დაბოლოს, მივმართავ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს, ქვეყნის მომავალს, - ბევრი სამშობლოში იღებთ ცოდნას, ზოგი თქვენგანი საზღვარგარეთ სწავლობს, თქვენ ხართ ჩვენი ღირსეული წინაპრების საქმის გამგრძელებლები და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სამშობლოს მოახმართ მთელს თქვენს ნიჭს, ცოდნას, ახალგაზრდულ ენერგიასა და შემართებას.

ჩვენ კი, გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ისეთ სამოქალაქო საზოგადოებას შევქმნით, ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ, რომელიც ყველას მისცემს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას – ეს კი, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

ახლა კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლა გვაქვს ყველას ერთად მოსაგები, – ბრძოლა საქართველოს კეთილდღეობისათვის, ბრძოლა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ გაჭირვება, რომ ყველა ოჯახი გაიმართოს წელში და ღირსეულად იცხოვროს თავის სამშობლოში. ამისათვის უნდა ვიშრომოთ, ვიშრომოთ თავდადებულად და მჯერა, რომ ერთად გავიმარჯვებთ და ავაშენებთ ჩვენს საოცნებო ქვეყანას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46