იურიდიული დახმარების რეფორმის ახალი სტრატეგია შეხვედრაზე განიხილეს

პარასკევი, 15 თებერვალი, 2013 - 20:17

სასტუმროში „ამბასადორი“ დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც იურიდიული დახმარების რეფორმის ახალ სტრატეგიას მიეძღვნა. შეხვედრას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე, სოფო ჯაფარიძე, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიული მიზნები, როგორებიცაა იურიდიული დახმარების სამსახურის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ასევე - უფასო სამართლებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა. განახლდა სტრატეგიის სამოქმედო გეგმაც, რომელიც 2013-2015 წლების პერიოდზე გაწერილ აქტივობებს მოიცავს.

იურიდიული დახმარების სამსახური მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. ბოლო წლებში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, სამსახურმა განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: 3 ახალი ოფისი გაიხსნა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; სამართლებრივი კონსულტაციის სერვისი დაინერგა სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საზოგადოებრივ მისაღებში; უფასო იურიდიული დახმარება გავრცელდა იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც ითვალისწინებენ ადმინისტრაციულ პატიმრობას; სამსახურში დასაქმებული ადვოკატები გადამზადნენ არასრულწლოვანთა დაცვისა და სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებში; ჩატარდა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია და სხვა.

იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარება მიმდინარეობს სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, რომელსაც, ევროკავშირის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ახორციელებენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59