Wyscout - ი სფფ-ის ოფიციალური პარტნიორია

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 20:47

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს. 12 თებერვალს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში სფფ-სა და იტალიურ კომპანია Wyscout-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ახალი პარტნიორი საფეხბურთო-კომპიუტერული პროგრამის ავტორია, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციების თითქმის 80 პროცენტი სარგებლობს. ეს უნიკალური პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით ყველა ფეხბურთელის სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავს და ვრცელი ვიდეობაზა გააჩნია. კომპანიის წარმომადგენლებმა პირველი პრეზენტაცია გასული წლის ნოემბერში, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გამართეს. მაშინდელ შეხვედრას საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ყველა მწვრთნელი ესწრებოდა. პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და მენეჯერები. პირველმა პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ყველა მწვრთნელმა ერთხმად აღნიშნა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი ვიდეობაზის ქონა. მოკლედ, საინფორმაციო თუ ანალიტიკური თვალსაზრისით, მწვრთნელებისა და სკაუტებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი.

ამიერიდან კი, იტალიურ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის მეშვეობით, ამ პროგრამით სარგებლობა საქართველოს ყველა ნაკრებისა და უმაღლესი ლიგის კლუბების სამწვრთნელო შტაბებს შეეძლებათ. Wyscout-ის მხრიდან, მემორანდუმს ხელი მოაწერა კომპანიის რეგიონულმა მენეჯერმა - ანდრეი ლასიუკმა; ხოლო სფფ-ის მხრიდან - ტექნიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეიძემ.

2014 წლის ზაფხულამდე, ამ პროექტს ფინანსურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61