შსს უგულავას დაკითხვაზე არ გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 11 თებერვალი, 2013 - 11:00

მიუხედავად იმისა, რომ ძველი თბილისის რაიონულ პოლიციაში ქალაქ თბილისის მერი, ბატონი გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვაზე იყო დაბარებული, იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა.

მართალია, 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმის სახით წინა სასამართლო გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა და მისი იძულებით მოყვანა საგამოძიებო ორგანოში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს ახალი წესი ამოქმედდება 2013 წლის 1 დეკემბრიდან, როგორც ეს მითითებულია დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველ ნაწილში.

დღეისათვის გამოძიების ეტაპზე დაკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმად, მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით. ის ვალდებულია სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გარშემო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მოყვანილი. 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლი ადგეს პირის იძულებით მოყვანის წესს, კერძოდ, გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე, წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, გასცემს ბრძანებას პირის იძულებით მოყვანის შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებაზე უარის თქმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ითალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლში მოცემულია იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა ბრალდებულად ცნობა საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს სპეციალურ თანხმობას მოითხოვს. ამ ჩამონათვალში არ არის ქალაქის მერი.

გამოძიება აფრთხილებს ქალაქის მერს, ბატონ გიგი უგულავას, თუ ის არ შეასრულებს მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს და არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მისი უმოქმედობა მიჩნეულ იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61