პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული შტაბში

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 14:34

პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრს ანგარიში ჩააბარა და სამომავლო გეგმები გააცნო. საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსისაგან მიიღო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები ესწრებოდნენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ პრემიერ-მინისტრს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 100 დღის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამ პერიოდში ავღანეთში მომსახურე ქართველ სამხედროებს ხელფასი გაეზარდათ; მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება; საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფასების კოტირების მეთოდის გამოყენებით, პირველად გამოაცხადა საჯარო შესყიდვა.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს თავდაცვის უწყებაში დაგეგმილი რეფორმებიც გააცნეს. თავდაცვის უწყება სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლების 89%-ისთვის ხელფასების 25%-ით მატებას, სადაზღვევო პაკეტის პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის ამაღლებასა და 2016 წლისთვის მთლიანად საკონტარქტო სამხედრო სამსახურზე გადასვლას გეგმავს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და შეხვედრაზე განხილული თემების შესახებ კომენტარი გააკეთეს.

„დღეს, ძალიან საინტერესო თათბირი გვქონდა. მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა, გაერთიანებული შტაბის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა წარმოადგინეს თავდაცვის სამინისტროს განვითარების გრძელვადიანი გეგმა. 2016 წლისთვის იგეგმება, რომ საქართველოს ჰყავდეს მთლიანად პროფესიული არმია, რაც ძალიან მისასალმებელია, ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმას, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიდის და ნატოს სტანდარტებს უახლოვდება. ირაკლი ალასანიამ შიდა რესურსების ეკონომიის ხარჯზე წელს უკვე მოახერხა და უწყებაში მოსამსახურე 89 პროცენტს 25%-ით გაეზრდება ხელფასი. ასევე, გაეზარდათ ხელფასი ავღანეთში მომსახურე ჩვენს ჯარისკაცებს. ძალიან დაგეგმილად და გააზრებულად მიდის განათლებაზე ზრუნვა, რათა ჩვენ განათლებული არმია და ოფიცრები გვყავდეს. მე ვიტყოდი, რომ არც ისეთი სახარბიელო მემკვიდრეობა დახვდა ირაკლი ალასანიას. არის პრობლემები ინფრასტრუქტურაში. თავდაცვის მინისტრს აქვს რეალური გეგმა, ჩვენც დავეხმარებით. შევეცდებით დამატებითი თანხებიც მოვიძიოთ, რომ პირველ რიგში ეს ყველაფერი ადამიანურ დონეზე მოვიყვანოთ. თავდაცვის სამინისტრო უკვე ზრუნავს ჯარისკაცების კვების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ერთად მოვახერხებთ, რომ განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში ჩავდგეთ და გვყავდეს ღირსეული ჯარისკაცები, რომლებიც ღირსეულად დაიცავენ საკუთარ სამშობლოს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„დღევანდელი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ის გრძელვადიანი, კონკრეტული, გეგმაზომიერი ხედვა, რომელიც ჩვენ 100 დღის განმავლობაში შევადგინეთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავაცანით. ძირითადი აქცენტები წელს ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, განათლების სფეროზეა გაკეთებული. მემკვიდრეობა რომელიც ჩვენ დაგვხვდა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ უკვე სახსრების მობილიზება იმისათვის, რომ პირველ რიგში, ჩვენი მთავარი ღირებულების - ჯარისკაცის, მეომრის, სოციალური პრობლემები გადაწყდეს და მას შესაბამისი ანაზღაურება ჰქონდეს. ჩვენ უკვე გავზარდეთ ავღანეთში ჩვენი მებროლების ხელფასი და როგორც პრემიერმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში უკვე ვაპირებთ 89% სამხედრო მოსამსახურის ხელფასი 25%-ით გავზარდოთ. ასევე ვზრუნავთ ჯარისკაცების ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე. ძალიან მალე გამოქვეყნდება, თუ რა ჯანდაცვის პოლისი ექნებათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. მინისტრის, გენერლის და ჯარისკაცის ჯანდაცვის მომსახურეობა იქნება ერთმანეთთან გათანაბრებული და ხარისხიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბრძოლო მზადყოფნაზე მეტი აქცენტი იქნება გადატანილი და ჩვენ გვეყოლება მართლაც ისეთი არმია, რომელიც 4-5 წელიწადში მთლიანად პროფესიულზე უნდა გადავიდეს. ჩვენი არმია იქნება სრულად თავსებადი ნატოსთან და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46