სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 17:35

დავით კირვალიძის განცხადებით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში მობილიზებულია და დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ასევე ისაუბრა ყველა იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გადაწყდა შემდეგი კონკრეტული პროექტების განხორციელება „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის 80% არ იყო რეგისტრირებული. ამიტომ, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მიწათმესაკუთრეთა აღწერა კარდაკარის პრინციპით. შეიქმნა საინფორმაციო ბაზა და მოხდა ადგილებზე მონაცემთა მეორადი გადამოწმება და ინფორმაციის დადარება საჯარო რეესტრთან.

"მცირემიწიანი ფერმერებისთვის, შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს. სულ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის განხორციელების ღირებულებაა 180 მლნ ლარი-ზე მეტი“, - აღნიშნა დავით კირვალიძემ.

 სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, თუ რა სახის სასოფლო-სამეურნეო ბარათებს მიღებენ კონკრეტული ფართობის მიწის მფლობელები. კერძოდ: 0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა;

0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ნიადაგის ხვნა ხნულის დადისკვა/გაფხვიერება ; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი - 300 ლარის ღირებულებით.

ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან; 1.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61