მერაბ ბლადაძე პოლიტდევნილის სტატუსს ითხოვს

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 16:37

მერაბ ბლადაძე თხოვნით მიმართავს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბესელიასა და "ახალგაზრდა იურისტებს",  პოლიტიკური ნიშნით დევნილად ცნობის შესახებ.

"ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ მერაბ ბლადაძის განცხადებას:

"მერაბ ბლადაძე, დაბადებული 03.11.1964 წელს, ქ. ქობულეთში, პოლიტიკურ ემიგრაციაში გაემგზავრა 2006 წელს, ამჟამად იძულებით მყოფი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.

მერაბ ბლადაძემ 2013 წლის 30 იანვარს განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ და ითხოვა იურიდიული კონსულტაცია პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარების პროცედურასთან დაკავშირებით. მერაბ ბლადაძემ სურვილი გამოთქვა ორგანიზაციამ განცხადებით მიმართოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და გადმოცემული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, კომიტეტმა დაიწყოს პოლიტიკური ნიშნით დევნილად ცნობის ფაქტის განხილვა.

მერაბ ბლადაძის აქტიური სამოქალაქო საქმიანობა დაკავშირებულია 2003 წლის ნომებრის „ვარდების რევოლუციის“ პერიოდთან, რა დროსაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“ არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლებისთვის მთელი აუცილებლობით დადგა ცვლილებების განხორციელება აჭარის რეგიონში, რომელსაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან გამუდმებით კონფლიქტში მყოფი ასლან აბაშიძის ავტონომიური მთავრობა მმართავდა. მერაბ ბლადაძე ერთ–ერთი აქტიური ფიგურა გახდა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა 2004 წლის „აჭარის რევოლუციის“ მომზადებასა და განხორციელებაში, რომელმაც დაასრულა ასლან აბაშიძის ერთპიროვნული მმართველობა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერებთან კომუნიკაციისა და მხარდაჭერის შედეგად, მერაბ ბლადაძე ასლან აბაშიძის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ერთ–ერთი ორგანიზატორი და მთავარი მრჩეველი გახდა, რადგანაც კარგად იქნა შესწავლილი ადგილობრივი საზოგადოების თავისებურებები, პოლიტიკური პროცესისადმი განწყობა, სწორი ანალიზი მომზადდა პოლიტიკური წინააღმდეგობის განვითარების და სათანადოდ იქნა შეფასებული ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც შესაძლებელს ხდიდა მშვიდობიანად დასრულებულიყო დაწყებული პროცესი. მერაბ ბლადაძე მიეკუთვნებოდა იმ ადამიანების რიცხვს, რომლებმაც რეგიონში პოლიტიკური პროცესის განვითარება მშვიდობიანი გზით, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობასა და კანონიერი მოქმედებებით რეჟიმის შესუსტებით დაისახეს. ამ გეგმის მიხედვით, მერაბ ბლადაძის ორგანიზებით მოხდა პირველი ფართომაშტაბიანი გამოსვლები მშობლიურ ქობულეთშიც, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ასლან აბაშიძის მმართველობა გააპროტესტა. ამას მოჰყვა კონფრონტაცია და აფეთქებული ხიდები ჩოლოქასა და ქაქუთში, ადმინისტრაციულ საზღვრებზე. ცენტრალურმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მერაბ ბლადაძესთან და სხვა მის თანამოზარეებთან ერთად, სწორად შეაფასეს განვითარებული მოვლენები და პროცესების მშვიდობიანად განვითარების იდეა.

„აჭარის რევოლუციის“ დასრულების შემდეგ, მერაბ ბლადაძემ სამოქალაქო პოზიცია შეინარჩუნა და ხელისუფლების საქმიანობის შეფასება სამოქალაქო სექტორიდან დაიწყო. 2004–2006 წლებში, თავისი განსხვავებული შეხედულებებისდა გამო, რომელიც განპირობებული გახლდათ ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების, საკადრო პოლიტიკისა და პოლიტიკური პროცესის გამო, მერაბ ბლადაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას გაემიჯნა და ხელისუფლების აქტიური, ღია კრიტიკა დაიწყო. პრესაში, მედიაში თუ პირადი კონტაქტების დროს, ხელისუფლების კრიტიკა მერაბ ბლადაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით შევიწროვებისა და დევნის საფუძველი გახდა.

მერაბ ბლადაძემ 2006 წელს, ხელისუფლებასთან დაახლოებული სანდო პირების მეშვეობით მიიღო დადასტურებული ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაპატიმრება და ე.წ. „იარაღის ჩადების“ ოპერაციის განხორციელება, ასევე მუქარა, რომ ე.წ. „იარაღის საწყობს“ აღმოაჩენდნენ მშობლების სახლში, რადგანაც ხელისუფლების არაერთგზის შეტყობინებას, თავი დაენებებინა პოლიტიკური ხელისუფლების კრიტიკას, მერაბ ბლადაძემ უარით უპასუხა. გაცხადებული დაკავების საშიშროებიდან გამომდინარე, მერაბ ბლადაძე 2006 წლის ოქტომბერში, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და თავი ბელგიისთვის შეეფარებინა, სადაც ამჟამადაც იმყოფება.

მერაბ ბლადაძემ ემიგრაციაში ყოფნის პირველივე დღეებიდან შეურიგებელი წინააღმდეგობა გამოუცხადა საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ევროპელი მაღალჩინოსნებისა და ევროპული უფლებადამცველი სტრუქტურების წინაშე გახადა ერთ–ერთი აქტუალური და ცოცხალი თემა. მას შემდეგ, რაც მერაბ ბლადაძემ ბრიუსელში ამერიკის საელჩოს წინ ქართველი ემიგრანტების მონაწილეობით პირველი საპროტესტო აქცია გამართა, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მისი დევნის და შანტაჟის პროცესი გააძლიერა. მერაბ ბლადაძე გადმოსცემს, რომ არაერთი სატელეფონო მუქარის ზარი, შეტყობინება და ფიზიკური შემთხვევა ჰქონია, რომელიც მისი პოლიტიკური განცხადებების თავშეკავებისკენ იყო მიმართული. ზეწოლის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა იმ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ მერაბ ბლადაძე თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ბელგიის სასამართლოში, სარჩელს შეიტანდა. მას ამის შემდეგ ფიზიკური ლიკვიდაციითაც დაემუქრნენ.

მერაბ ბლადაძემ ემიგრაციაში არაერთი ხმაურიანი ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა:

• მერაბ ბლადაძის ძალისხმევითა და უშუალო ინიციატივით, მომზადდა სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ბელგიის სასამართლომ უნდა განიხილოს. მერაბ ბლადაძემ აღნიშნული რეზონანსული სარჩელი მედიაკავშირ „ობიექტივისა“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად შექმნა, სადაც მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევით, 2008 წლის აგვისტოს ომისა და საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებით, სპეცოპერაციების დროს დაღუპული ახალგაზრდების, მაშინდელი ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების გამო პასუხი უნდა აგოს.

• მერაბ ბლადაძის სახელთანაა დაკავშირებული 2012 წლის ოქტომბერში ციხის სკანდალური კადრების გავრცელების ისტორიის ერთი ნაწილიც. კერძოდ, ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელმაც პენიტენციალურ სისტემაში არსებული დანაშაულებრივი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო–მასალების გამომზეურება მოახდინა, საქართველოს დატოვების შემდეგ ბელგიაში, მერაბ ბლადაძის სახლში, თითქმის ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. მერაბ ბლადაძემ სხვა თანამოაზრეებთან ერთად, გამოიჩინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთგული დარჩა კადრების და არსებული ინფორმაციის, შეთანხმებულ პერიოდამდე გაუვრცელებლობის.

• მერაბ ბლადაძემ 2007 წლის 22 ნოემბერს ბრიუსელში, ამერიკის საელჩოს წინ გამართა პირველი ხალხმრავალი მიტინგი, რომლითაც გააპროტესტა მაშინდელი ხელისუფლების მიერ მანიფესტაციის დარბევა 7 ნოემბერს თბილისში და ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებული მოვლენები.

• მერაბ ბლადაძე 2007 წლიდან დღემდე არაერთი წერილის, მიმართვის და პეტიციის ავტორია, რომლითაც ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ პერიოდული ინფორმაცია მიეწოდება. მერაბ ბლადაძის და ემიგრაციაში მყოფი სხვა თანამოაზრე ქართველების მონაწილეობით, არაერთი მცირე აქცია გაიმართა ბრიუსელის მეტროპოლიტენებსა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის თავშეყრის ადგილას, სადაც ვრცელდებოდა სპეციალური ბუკლეტები და მასალა საქართველოს შესახებ ქვეყნის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

• მერაბ ბლადაძემ 2010 წელს ოთხი წარმომადგენლობითი აქცია გამართა ბრიუსელში ევროპარლამენტის თუ ევროკომისიის წინ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების სერია გააპროტესტა. ასეთი აქციები გაიმართა ბრიუსელში 2010 წლის 25 თებერვალს, 9 აპრილს, მაისისა და ივნისის თვეებში.

• მერაბ ბლადაძე 2010 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე ბრიუსელში ხელმძღვანელობდა მედიაკავშირ „ობიექტივის“ წარმოამდგენლობას. ამავე პერიოდში, მერაბ ბლადაძე ბრიუსელში წარმოადგენდა „წინააღმდეგობის მოძრაობას“ და ანხორციელებდა „პოლიტდევნილთა ომბუდსმენის“ საქმიანობას.

• მერაბ ბლადაძემ 2011 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების საქმეზე არაერთი ხმაურიანი გამოსვლა მოაწყო და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ქმედებები გააპროტესტა.

• მერაბ ბლადაძემ 2012 წლის განმავლობაში მედიაში არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედებები დაგმო. მერაბ ბლადაძემ აქტიური როლი შეასრულა ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებაში და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ბრიუსელში დაგეგმილი აქციებით „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნების“ გამარჯვების პროცესში.

მერაბ ბლადაძის სამოქალაქო სფეროში მიმდინარე აქტიურობები კარგადაა ცნობილი საქართველოში იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთათვის, რომლებიც წლებია უფლებადაცვით სფეროში საქმიანობს. განცხადებას თან ერთვის ა/ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარის 2011 წლის 2 მაისის დასკვნაც, რომლის თანახმადაც, „საქართველოს მოქალაქე მერაბ ბლადაძე (რომელიც ამჟამად იმყოფება ბელგიაში) არის ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი, წინააღმდეგობის მოძრაობის ომბუდსმენი პოლიტიკურ დევნილთა საკითხებში. 2004 წლიდან ის ექვემდებარება პოლიტიკურ რეპრესიებს და მისი საქართველოში დაბრუნება არის საფრთხის შემცვლელი.“

მერაბ ბლადაძემ 2013 წლის იანვარში სურვილი გამოთქვა დაბრუნდეს საქართველოში, მაგრამ მის მიმართ დღემდე არსებული დამოკიდებულება, რომელიც გამომდინარეობს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ტოვებს ლეგიტიმურ საშიშროებას, რომ მისი პიროვნული უსაფრთხება დაუცველია. ამასთან, ის ფაქტები და გარემოებები, რის გამოც მერაბ ბლადაძე იძულებული გახდა 2006 წელს დაეტოვებინა საქართველო, საჭიროებს შესაბამის შეფასებას და პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარებას, რათა საქართველოს სახელმწიფომ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მისი მიმართ დაშვებული ბრალეული ქმედებების გამო, მოახდინოს სრული რეაბილიტაცია და სამართლიანობის აღდგენა, რომელიც საშუალებას იძლევა, მერაბ ბლადაძემ თავისი საქმიანობა და გამოხატვის თავისუფლება განახორციელოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

მერაბ ბლადაძე მოითხოვს:

1. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილოს და წარდგენილი ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე ცნოს პოლიტიკური ნიშნით დევნილად.

2. საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისმა საჯარო უწყებებმა საჭირობის შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება მოახინონ მისი პიროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

3. პოლიტიკური ნიშნით დევნილად ცნობის პროცესში ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ან/და საქმის განმხილველ კომისიასთან.

4. განცხადებაზე რეაგირების ან/და გადაწყვეტის შესახებ ეცნობოს შემდეგი საკონტაქტო საშუალებებით:

5. მერაბ ბლადაძის საკონტაქტო ინფორმაცია: merabbadadze@gmail.com; +32488580301".

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5