ჩვენი შეხედულებები ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა - მიხეილ სააკაშვილი

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 13:03

უმეტესად ჩვენი შეხედულებები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. თუმცა, ვფიქრობ, ის, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა შევინარჩუნოთ, ამაზე ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 ბათუმში საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა პარლამენტში დაგეგმილი წლიური ანგარიშის შესახებ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა. სააკაშვილმა უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწოდა თანამშრომლობისკენ და აღნიშნა, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომელიც აღნიშნული კანონის კიდევ უფრო მეტად დახვეწას შეუწყობს ხელს და ქვეყნის ინტერესებიდან იქნება გამომდინარე.

სააკაშვილის თქმით, კონსტიტუცია დახვეწას საჭიროებს და ეს უნდა მოხდეს 150 და არა 100 ხმით.

"როდესაც კონსტიტუციურ ცვლილებებს ეხება საქმე, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და არა ცალკე აღებულმა რომელიმე ფრაქციამ ან ჯგუფმა. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა - მოდით გავხსნათ ფართო საკონსტიტუციო დისკუსია, ვიმუშავოთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ქაოსი და არ გაიმარჯვოს კრიმინალმა, შევინარჩუნოთ ქვეყნის, პოლიტიკური კურსი და სუვერენიტეტი, აუცილებლად შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე 150 ხმიანი კონსენსუსის მიღწევას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილი ბათუმის საკრებულოში "შიდა ინტრიგებსა" და ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხსაც შეეხო.

"გადაწყვიტონ, რომ მოკლან ქუთაისი და მკვდარ ქალაქად აქციონ, როგორც ეს 90-იან წლებში იყო. კრიმინალების გამოშვებით თბილისი გადაიქცევა მკვდარ ქალაქად, როგორც გვემუქრებოდნენ 2009 წელს და ახლა ამ მუქარის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. ეს არ არის ის გზა, რომელსაც ჩვენ უნდა დავადგეთ. ერთ კვირაში სიტყვით უნდა გამოვიდე პარლამენტში. მინდა, რომ ეს გამოსვლა არ იყოს კონფრონტაციული. მინდა, რომ დებატები იყოს კონსტრუქციული, რადგან ეს არ არის მორიგი ტრიბუნა, სადაც ერთმანეთს ნიშანი უნდა მოვუგოთ ან ერთმანეთზე გავიწიოთ. პირიქით, იქნებ რაღაც საკითხებზე გამოვნახოთ საერთო ენა. ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ უმეტესად ჩვენი შეხედულებები ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. თუმცა, ვფიქრობ ის, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა შევინარჩუნოთ, ამაზე ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46