ბიძინა ივანიშვილი ლიდერია, რომელსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა და ნატოში გაწევრიანება სურს

პარასკევი, 01 თებერვალი, 2013 - 20:00

ამერიკული გამოცემა The Daily Beast აქვეყნებს მოსკოველი კორესპონდენტის ანა ნემცოვას სტატიას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შესახებ. 

"2008 წლის ომის შემდეგ თანამდებობის უმაღლესი პირი საქართველოდან პირველად დაელაპარაკა თავის მტერს: რუსეთს. საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ხუთშაბათს, დავოსში, მიღებაზე რუსეთის პრემიერმინისტრს დიმიტრი მედვედევს მიუახლოვდა. მათ სულ რამდენიმე წუთს ილაპარაკეს, თუმცა რაზე, არავინ იცის. ექსპერტებმა იმავე წამში გამოთქვეს ვარაუდები, რომ საქართველო რუსეთის ბანაკისკენ მიმავალ გზას დაადგა. „არავითარ შემთხვევაში“, განაცხდა მოგვიანებით ივანიშვილმა, „მე ყოველთვის საქართველოს ბანაკში ვიქნები“.

დიდი ხნის განმავლობაში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ივანიშვილი, რომლის ქონება 6 მილიარდს უდრის, ანუ მისი ქვეყნის ბიუჯეტზე დიდია, არავის მხარეს არ არის, გარდა საკუთარი თავისა. საქართველოს ყველაზე მდიდარი და ყველაზე გავლენიანი კაცი ამასწინათ თავის ექსტრავაგანტურ, შუშის ციხე-სიმაგრეში „დეილი ბისთს“ საკუთარ პრიორიტეტებზე ელაპარაკა. მას უნდა, რომ „გახსნას წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ყველა დახლართული პოლიტიკური კვანძი“. საქართველოს ახალი ლიდერი იმითაა ცნობილი, რომ კარჩაკეტილად ცხოვრობდა, აკეთებდა არაპროგნოზირებად განცხადებებს და უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა; ის უფასოდ ურიგებდა მანქანებს თავის თანასოფლელ მამაკაცებს და ათწლეულის მანძილზე ყოველწლიურად გასცემდა 100 მილიონ დოლარზე მეტს ქველმოქმედებისთვის – თითქოს ერთი კაცისგან შემდგარი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ყოფილიყოს. მთელი ცხოვრება, აღიარებს ივანიშვილი, „მას ძალიან არ უყვარდა პოლიტიკა“. როდესაც ერთი წლის წინ საფრანგეთში გადასასვლელად ემზადებოდა, სწორედ მისმა ცოლმა და უფროსმა ვაჟმა დაარწმუნეს საქართველოში დარჩენილიყო. ამის შემდეგ, ცოტა ხანში, მან გამოაცხადა, რომ სათავეში ჩაუდგება ოპოზიციურ პარტიას, სახელად „ქართული ოცნება“. დღეს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი აცხადებს, რომ მოსწონს მილიარდერი, ხოლო 55-მა პროცენტმა მის პარტიას მისცა ხმა იმ დროს, როდესაც საქართველო მართვის საპარლამენტო სისტემაზე გადადის და ქვეყნის მმართველი პრემიერმინისტრი გახდება.

„მე მხოლოდ იმიტომ არ წავედი ქვეყნიდან, რომ ვერ დავუშვებდი იმ კაცს ემართა ეს ქვეყანა, რომელსაც ის არ უყვარდა“, ამბობს ივანიშვილი სააკაშვილზე, რომელსაც ღიად უწოდებს „ნიჭიერ მატყუარას“, რადგან მან, სააკაშვილმა გააფუჭა ურთიერთობები რუსეთთან, ერთ დროს საქართველოს ნაწარმის ყველაზე დიდ იმპორტიორთან. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროპის კავშირში ინტეგრირება (რაც დღეს უფრო თეორიული შესაძლებლობაა) მისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება და ასევეა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება. 

ივანიშვილის დღე დილის 5 საათზე იოგას სისტემის ვარჯიშით იწყება, რაც ძალიან ადრეა ქართველებისთვის, რომელთაც გვიანობამდე უყვართ ძილი. რუსეთის პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის მსგავსად (რომელიც ამასწინათ მოწევის საწინააღმდეგო მკაცრი კანონმდებლობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა), ივანიშვილიც ჯანსაღი ცხოვრების წესის ფანატია, ანტინიკოტინური და ანტინარკოტიკული პოზიციის ერთგულია. მილიარდერი ქვეყანას თავისი შუშის სასახლიდან მართავს, ეს სახლი იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ დააპროექტა; სახლის დეკორირებაზე 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, აქ ლუსიენ ფროიდის ნამუშევრებსაც ნახავთ და როი ლიხტენშტეინისაც. ნაგებობათა ეს კერძო კომპლექსი თბილისის ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს და სპორტის მოყვარული პრემიერმინისტრი აქ დიდხანს სეირნობს ხოლმე.

„მიუხედავად იმისა, რომ ვხედავ, როგორ აღიზიანებს და აშინებს ეს სააკაშვილსა და მის მეგობრებს, მე მუდმივად გადავდგამ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს გამოასწორებს“, დადო პირობა ივანიშვილმა. „ჩვენი ეკონომიკისა და მშვიდობისათვის, ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია“.

საქართველოს ორ უმაღლეს პოლიტიკოსს დღეს უთანხმოება აქვთ. გამარჯვებულები „ქართული ოცნებიდან“ დამარცხებულ პრეზიდენტს (რომელიც თანამდებობაზე მომავალ შემოდგომამდე რჩება) და მის ახლო წრეს მილიონობით სახელმწიფო დოლარის მითვისებაში და ასობით პოლიტიკური ოპონენტის დატუსაღებაში სდებენ ბრალს. ყოველდღიურად ათასობით დემონსტრანტი მიდის სააკაშვილის რეზიდენციასთან და ქალაქის მოედნებზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ამასობაში კი სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა და ივანიშვილის მთავრობა „შერჩევით მართლმსაჯულებაში“ დაადანაშაულა და კიდევ იმაში, რომ „პოლიტიკური ოპონენტების“ ჩაჩუმებას ცდილობს.

გასულ ოქტომბერს ივანიშვილმა და მისმა პარტიამ სამართლიან, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა. მაგრამ იმისთვის, რომ ახალმა მთავრობამ წარმატებას მიაღწიოს, მან უნდა გადაჭრას უმუშევრობის პრობლემა, რომელიც ბევრ რეგიონში გამაოგნებელ მაჩვენებელს, 70 პროცენტს აღწევს. „ეკონომიკური მდგომარეობა სოფლად ძალიან მწვავეა, ბევრი სოფელი ნახევრად დაცარიელებულია, ხოლო ბევრ ადგილობრივ მცხოვრებს მარტოოდენ საარსებოდ აუცილებელი ან მცირე მეურნეობა აქვს“, ამბობს ლოურენს შითსი, International Crisis Group-იდან.

ივანიშვილის მშობლიური სოფელი, ჭორვილაც კი, სადაც მილიარდერმა ყველა სახლი განაახლა და წლების მანძილზე ეხმარებოდა სნეულებსა და დიდ ოჯახებს, დღეს სევდიანი სანახავია. ამ კვირის დასაწყისში რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს თავი მოეყარა თონესთან, ისინი ნასვამებს ჰგავდნენ და ნირწამხდარნი ჩანდნენ. ბევრს სხვა არაფერი საქმე არა აქვს, გარდა იმისა, რომ ჭუჭყიან ქუჩებში თავის ძროხებს სდიოს. „მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტს აქვთ სამსახური ივანიშვილის კერძო საკუთრებასა და სამშენებლო პროექტებში“, ამბობს სოფლის ადმინისტრატორი, ვებხია ივანიშვილი, ივანიშვილის შორეული ნათესავი.

მაგრამ სხვა თუ არაფერი, იღბლიანი ჭორვილელები ივანიშვილის მიერ აშენებულ საავადმყოფოში სამედიცინო ბონუსებს მაინც იღებენ. პრემიერმინისტრი სოფელში ყოველ ქორწილში 3,000 დოლარს იხდის და ყოველ დაკრძალვაში 2,000 დოლარს. მაგრამ ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ფინანსურ დახმარებას ერთგულება მოაქვს და არა კეთილდღეობა. ერთ-ერთი მისი მეზობელი, 58 წლის ნიკო მჩეტკიშვილი (Mchetkishvili) ამბობს, რომ ბოლოს 1990 წელს ჰქონდა სამსახური – კოლმეურნეობაში. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს და რუსეთს მშვიდობა ექნებათ: „ყველა ქართულ ოჯახში ენატრებათ რუსეთში მცხოვრები ნათესავები და ყველა ქართველი ოცნებობს, რომ ივანიშვილი გადაწყვეტს სეპარატისტული რესპუბლიკების, ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემას“.

ახლი პრემიერმინისტრი ძალიან არის დაინტერესებული სოფლის მეურნეობის აღდგენაში და მთავრობამ შექმნა სამი საინვესტიციო ფონდი. „ჩვენ 75-პროცენტიანი ინვესტიციით დავეხმარებით ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში 25-პროცენტიან ინვესტირებას გადაწყვეტს და ამით ჩვენს ეკონომიკას დაეხმარება“, უთხრა ივანიშვილმა „დეილი ბისთს“. სოფლის მეურნეობის ახალი ფონდი, რომელიც დაახლოებით 606 მილიონ დოლარს შეადგენს, იმის პირობას იძლევა, რომ ფერმერებს დაბალპროცენტიან სესხს მისცემს, რაც, როგორც ნავარაუდევია, საქართველოს ნატურალური პროდუქტის სამოთხედ აქცევს, სამოთხედ, რომელიც სავსე იქნება გემრიელი ხილით და ბოსტნეულით.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების თქმით, რადგან ივანიშვილმა 1990-იანი წლების რუსეთში მილიარდების შოვნა მოახერხა და გასულ წელს თავისი ბიზნესი იქ თითქმის 1 მილიარდ დოლარად გაყიდა (ოპერაცია, რომელიც თითქმის ნამდვილად, რუსეთის ლიდერების თანხმობით უნდა ჩატარებულიყო), ის შეძლებს ცხოვრების გაუმჯობესებას და დანაწევრებული საქართველოს აღდგენას. გაღიზიანებული სკეპტიკოსების აზრით, ივანიშვილი პროგრესს ვერ მიაღწევს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გარიგების გარეშე და მისი ეკონომიკური გეგმის ქვაკუთხედს, სოფლის მეურნეობის აღორძინებას, ბაზრის დეფიციტი ემუქრება.

2008 წლის ომის შემდეგ, გასული ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერალური უშიშროების ძალებმა საქართველოს ყოფილ ტერიტორიებზე დიდი ბაზები ააშენეს. აფხაზეთი, რომელიც რუსეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო, არავითარ ნიშნებს არ ამჟღავნებს იმისას, რომ საქართველოში დაბრუნებას მიესალმება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ივანიშვილს პრობლემად არ მიაჩნია: გასულ კვირას მან პირობა დადო, რომ შეეცდება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას. ამ რკინიგზით განხორციელდება ქართული და აფხაზური პროდუქციის ტრანსპორტირება მოსკოვში, სეპარატისტული რეგიონის გავლით. ივანიშვილი აღიარებს, რომ ბევრი უსვამს ასეთ შეკითხვას – როგორ წარმოუდგენია საქართველოს ნატოში გაერთიანება და, ამავე დროს, კრემლთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება: „მე გავაანალიზე ეს საკითხი და მესმის, რომ რუსეთს მართლა არ მოსწონს ნატო და საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს. მაგრამ იმედი მაქვს, რუსებს განვუმარტავთ იმას, თუ როგორია ჩვენი ინტერესები“, განაცხადა ივანიშვილმა დავოსში კრემლის ოფიციალურ პირებთან თავისი პირველი შეხვედრის წინ".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59