"ერთსულოვნება" ქვეყნის „ნაციონალური“ ოკუპაციისაგან გათავისუფლებას მოითხოვს

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 16:24

კოალიცია „ერთსულოვნება“ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ გაერთიანებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისთვისაც მთავარია ქვეყანა, პირველი ოქტომბრის მონაპოვრის დასაცავად ერთად დგომისკენ და საქართველოს კონსტიტუციის, ქართველი ხალხისა და საქართველოს ღირსების დაცვისკენ მოუწოდებს. "ჯეონიუსი" კოალიციის მიერ გავრცელებული მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, როცა ქვეყანას მართავს თვითმარქვია პრეზიდენტი, რომლის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა საქართველოს კონსტიტუციის ძალით დასრულდა 2013 წლის 20 იანვარს.

დღეს, როცა დასავლეთის ქვეყნების გარკვეული პოლიტიკური წრეები, სამწუხაროდ ევროპული სტრუქტურტები საქართველოს მოსახლეობას გვაიძულებენ დავარღვიოთ საქართველოს კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ.

დღეს, როცა ერთ პოლიტიკურ სექტად შეკრული ყოფილი ხელისუფლება, ნაც.მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას.

დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილის, „ნაც.მოძრაობის“ ყოველი წარმომადგენლის გამოსვლა ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ეს არის მტრობა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ.

ერთმანეთთან დაპირისპირება ქვეყნის ინტერესების ღალატის და ქვეყნის მაოხრებელი ნაც.მოძრაობისათვის პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივების ტოლფასია. სახელიმწიფოებრივად აზროვნებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიმდინარე ეტაპის უპირველეს ამოცანად თვლის ქვეყნის განთავისუფლებას „ნაციონალური“ ოკუპაციისაგან.

ყოველი ღირსების მქონე პარტიისათვის, ყოველი პოლიტიკოსისათვის, რომელიც ფიქრობს ქვეყანაზე და არა სახელისუფლო სკამზე, ყოველი არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, რომლისთვისაც მთავარია ქვეყანა და არა გრანტების მოპოვება, უნდა დავდგეთ პირველი ოქტომბრის მონაპოვრის დასაცავად... ქვეყნის და ხალხის გასათავისუფლებლად თვითმარქვია პრეზიდენტისაგან, ძალაუფლების მოყვარული პოლიტიკური პარტია ნაც.მოძრაობისაგან, იმ პოლიტიკური გაერთიანებისა და პოლიტიკოსებისაგან საქართველოს გასათავისუფლებლად, რომლებმაც გენოციდი მოუწყეს ქართველ ხალხს, ქვეყანაში დაამკვიდრეს ელიტური პოლიტიკური კორუფცია.

ჩვენ მთელი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების, მსოფლიო საზოგადოებრიობის გასაგონად ვაცხადებთ - „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, მისი უცხოელი მხარდამჭერები ქვეყანაში ქმნიან უმძიმეს დაძაბულობას, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს დიდი სახალხო დაპირისპირება და სისხლი.

ჩვენ კოალიცია „ერთსულოვნების“ დამფუძნებლები, სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების საკონსტიტუციო ვადის დასრულების მემორანდუმზე ხელმომწერი ერთმილიონზე მეტი ამომრჩეველი ვიხსნით პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის ქმედებებზე და მის ქმედებათა გამო მოვლენების შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პარლამენტს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, იმ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილის პრეზიდენტობას 2013 წლის ოქტომბრამდე.

ჩვენ ვდგევართ იმ პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმ ხალხთან ერთად, რომლებიც თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა დასრულებულია და მისი გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფა და მარიონეტული მორჩილება სააკაშვილის მხარდამჭერი უცხოეთის პოლიტიკური წრეებისადმი,

ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ ძალებთან, იმ პოლიტიკოსებთან და იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება და ემსახურება საქართველოს, მის ინტერესებს, ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას.

სწორედ ამ განწყობით ვდგებით საქართველოს პარლამენტთან იმ დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებისათვის იწვევენ თვითმარქვია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

დავდგეთ ერთად დემოკრატიისათვის, საქართველოს კონსტიტუციისათვის, ქართველი ხალხის და საქართველოს ღირსების დაცვისათვის", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, თამაზ ჭეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, პაატა ცნობილაძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული, რომან რურუა, ლაშა კალანდაძე, გელა სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, მარინა კაჟაშვილი, ნანა შარაშიძე, შოთა ჩხეიძე, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46