სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს ქმნის

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 16:49

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ქარელისა და კასპის რაიონებიდან 100-ზე მეტი კონკურსანტის ტესტირების პროცესს დაესწრო. ტესტირების შედეგად შერჩეული წარმატებული კანდიდატები საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან. ახალ სამსახურებში 250 სპეციალისტი დასაქმდება.

"სამინისტრო რეგიონებში ქმნის საკმაოდ მნიშვნელოვან სამსახურებს, რომლებიც საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისთანავე აქტიურად დაიწყებენ ფუნქციონირებას. დარწმუნებული ვარ, ეს კონკურსი იქნება ობიექტური, გამჭვირვალე და 250 პროფესიონალი კადრით შეივსება რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები“, - განაცხადა დავით შერვაშიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით - 54 მუნიციპალიტეტში რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს ქმნის. აღნიშნული სამსახურების ჩამოყალიბების მთავარი მიზანია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ქვეყანაში მასშტაბური პროგრამების ადგილზე ეფექტურად განხორცილება, პირველ ეტაპზე - საგაზაფხულო სამუშაოები სოფლად.

ყველა რაიონში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფორმირებით, გლეხებსა და ფერმერებებს საშუალება მიეცემათ ადგილზე მიიღონ კვალიფიციური, უფასო კონსულტაცია. ასევე რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გლეხებისა და ფერმერების საქმიანობისა და საჭიროებების შესწავლის საფუძველზე შეიმუშავებენ რეკომენდაციებს კონკრეტული რაიონისთვის სასოფლო-სამეურნეო პრიორიტეტის მიხედვით.

თითოეულ მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში არანაკლებ 4-5 ადამიანი დასაქმდება.

განაცხადების მიღება 16 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ საკონკურსო კომისიამ 6 ათასამდე განაცხადი განიხილა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59