„ახალმა მემარჯვენეებმა“ პოლიტიკური „ტაიმ-აუტი“ დაასრულეს

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 13:49

26 იანვარს პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვნეების“ რიგგარეშე ყრილობა ჩატარდა. ყრილობას დელეგატები საქართველოს ყველა რეგიონიდან ესწრებოდნენ. ყრილობას ესწრებოდა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით გამყრელიძე, რომელიც გასული წლის ოქტომბერში პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა.

რიგგარეშე ყრილობამ პოლიტიკური და ორგანიზაციული საკითხები განიხილა. პარტიის თავმჯდომარედ ყრილობამ  ფიქრია ჩიხრაძე აირჩია, ხოლო გენერალურ მდივნად – მამუკა კაციტაძე. ყრილობაზე არჩეულ იქნა მთავარი კომიტეტის განახლებული შემადგენლობა, რომელიც ყრილობებს შორის პერიოდში პარტიის საქმიანობას უხელმძღვანელებს.

ყრილობამ მიიღო გადაწყევტილება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღებული ტაიმ-აუტის შეწყვეტის და აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესახებ.

ყრილობაზე გაიმართა პოლიტიკური დებატები, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა პოლიტიკური დოკუმენტი.

პოლიტიკური დოკუმენტში შეფასებულია 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები და მისი შედეგებიდან გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ასევე ჩამოყალიბებულია არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში პარტიის სამომავლო სტრატეგია.

რეზოლუციის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნების შედეგად პარლამენტს მიღმა დარჩა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა პოზიტიური როლი შეასრულა ქვეყნის ისტორიაში.

„2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო ის, რომ პირველად პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში არჩევნების გზით და არა სამხედრო გადატრიალებითა და რევოლუციით შეიცვალა ხელისუფლება, მმართველმა ძალამ აღიარა დამარცხება და გადავიდა ოპოზიციაში. ამ არჩევნებმა დაარღვია ის აბსოლუტურად მიუღებელი დისბალანსი, როცა ადამიანთა მცირე ჯგუფი სრულად ფლობდა ძალაუფლებას და დამკვიდრებული ჰქონდა მართვის ავტორიტარული სტილი“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის თანახმად, პარტიის მომავალ სტრატეგიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება და ე.წ. დაბალანსებული პოლიტიკური კომპოზიციის შექმნა ქვეყანაში.

„ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკურ პარტიათა შორის კონკურენციის არარსებობის პირობებში ჩატარებული ბოლო არჩევნების შემდეგ მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის საკმარისი არ იქნება მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური

პარტიების კონკურენცია, რადგან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ კონკურენციას, არამედ ოპონირებას, რაც კოალიციის პირობებში წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება სრულფასოვანი ოპონენტი. ამიტომ, ვიქნებით იმ პროცესის ინიციატორი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის ძირეულ რეფორმირებას, გამორიცხავს ერთპარტიული დიქტატურის პერსპექტივებს და შექმნის მყარ საფუძველს კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის თანახმად, „ახალ მემარჯვენეებს“ საქართველოს სახელმწიფოსთვის უალტერნატივოდ მიაჩნიათ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის დინამიური პროცესი და ამ პროცესისთვის მყარი გარანტიების შექმნა.

„ჩვენთვის და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არც ისე ნათელია როგორ მოხერხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის პირობებში ამ ქვეყანასთან ურთიერთობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ ხაზად გამოცხადებაც და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მყარი გარანტიების შექმნაც, აღმოსავლური პარტნიორობის განვითარება და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მიღწევა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

"ახალი მემარჯვენეების" განცხადებით მათი საქმიანობის მთავარი მიმართულება კვლავ იქნება ბიზნესისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა, ქართული სოფლის აღორძინება და მისი გადაქცევა მიმზიდველ ადგილად ქვეყნის მოსახლეობისთვის.

„ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რათა მართლაც მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ამ ტიპის დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმების გზით, საგადასახადო კოდექსის ორგანულ კანონად გადაქცევით მივაღწიოთ ბიზნესისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, მონოპოლიების ერთხელ და სამუდამოდ მოსპობას და საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპების - კანონის წინაშე თანაბრობის და კონკურენტული გარემოს დამკვიდრებას“,– ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან ერთად "ახალი მემარჯვენეებისთვის" მნიშვნელოვანი იქნება რეალური დეცენტრალიზაცია და ეფექტური თვითმმართველობის შექმნა. „ ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ პოლიტიკური თამაში საქართველოში კვლავ იმ პრინციპით - "მოგებულს მიაქვს ყველაფერი" კი არ მიმდინარეობდეს, არამედ არსებობდეს ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ძალაუფლების რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ გადანაწილების შესაძლებლობა.

პარტია აცხადებს, რომ სწორედ ქვეყნის წინაშე არსებული ამ ძირითადი გამოწვევების დასაძლევად ახალი ენერგიით ჩაებმება უკვე ახალი მიჯნის - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მისაღწევად.

„ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ ვიყოთ მხოლოდ იმ ადამიანების "თავშესაფარი", რომლებმაც ვერ მიიღეს დაპირებული კეთილდღეობა და გული აუცრუვდათ დღევანდელ მმართველ გუნდზე, არამედ მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია მთავარი იდეის გარშემო - მრავალპარტიული დემოკრატია, რეალური თავისუფალი ბაზარი, ნატო და ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“,– ნათქვამია რეზოლუციაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41