ვინ არის ჟურნალისტი?!

ხუთშაბათი, 14 ივლისი, 2011 - 16:20

საქმე "გრიფით საიდუმლოა" დეტალები არ გახმაურდება. ქართველი რეპორტიორების ცნობილი დაჭერები უკვე ერთ კვირაზე მეტია საზოგადოების მთავარი განსახილველი თემაა.

მითუმეტეს, რომ დაკავებულ ფოტოგრაფებს შორის ყველა ცნობილი სახეა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, ერთ-ერთი  პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძეა. რაც შეეხებათ დანარჩენ დაკავებულებს, ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ ფოტორეპორტიორთა სია ასე გამოიყურება: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და  გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი).

7 ივლისს, სამართალდამცავებმა რეპორტიორები ღამის სამ საათზე დააკავეს. მოგვიანებით, უწყებამ  აღნიშნული პირების სატელეფონო საუბრები გაავრცელა, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ ისინი ზურაბ ქურციკიძის მეშვეობით, საიდუმლო მასალებს მოსკოვს აწვდიდნენ.

პარალელურად რამდენიმე დღეა ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქციები, მოდულთან, შსს–სთან, პარლამენტის და პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მიმდინარეობდა. ჟურნალისტები მოითხოვენ საქმეს "გრიფი" მოეხსნას. აქციის მონაწილეების ნაწილი ცნობილ დაჭერას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს.

"ხელისუფლებამ, ფოტორეპორტიორების გახმაურებული დაჭერებით,  მასა და ეკლესიას შორის სკანდალის გადაფარვა სცადა.

"მე კარგად ვიცი თუ როდის ედება საქმეს "გრიფით" საიდუმლო, რადგან ამ საქმეში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ფოტოგრაფების დაკავების მიზეზი ვფიქრობ,  ორი რამ გახდა: პირველი ღია დაჭერებით გადაეფარათ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება და მეორე, ალბათ არსებობდა ფოტომასალა, რომელიც არავის უნდა ენახა." - ასეთია მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერის ეკა ბესელიას მოსაზრება.

განსხვავებული არგუმენტები აქვს შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს.

"რატომ უწოდებთ მათ ფოტოგრაფებს? ერთ-ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფია, მეორე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი. ისინი ჩინოვნიკები არიან. თქვენი გაბრაზების მესმის, თუმცა მერწმუნეთ, ეს ისტორია არანაირ სიხარულს არც ჩვენ გვანიჭებს. რა ინტერესი უნდა გვქონდეს, თავი შევირცხვინოთ და პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ტყუილ-უბრალოდ ჩავსვათ?!" - განაცხადა უტიაშვილმა "კომერსანტთან" საუბრისას.

ფოტორეპორტიორების დაკავებას მედიაექსპერტი ჰამლეტ გეგიაც გამოეხმაურა.

"შოთა უტიაშვილის განცხადებით, "ჩვენ საჯარო პირები დავაკავეთ და არა ჟურნალისტები". დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერებისთვის გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, არსებულ რეალურ საფრთხეებს და რაც წინ უძღოდა ამ ფაქტს. ვგულისხმობ საქართველოში ბოლო დროს განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს და სხვა. სახელმწიფოს და საზოგადოებაზე ზრუნვა მთელს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მიუხედავად ყველაფრისა აუცილებელია გავითვალისწინოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულ ფორმატში უნდა ხდებოდეს შეჯერება, თუ სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას შორის. სამწუხაროდ არც მთავრობას და არც საზოგადოებას არა აქვს ამომწურავი პასუხი ჩვენი დემოკრატიული სახლემწიფო წყობის უმნიშვნელოვანეს საკითხზე.
ძალზე მნიშვნელოვანია სამართლებრივად განისაზღვროს, თუ ვინ არის პროფესიონალი ჟურნალისტი. ჭეშმარიტ–ცივილურ ქვეყნებში მიღებულია განმარტება: "ჟურნალისტი არის პირი, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს მისი ჟურნალისტური–პროფესიული საქმიანობა წარმოადგენს.

ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მიღებული კანონით, "მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ" განმარტებული და სამართლებრივად აღიარებული იყო ჟურნალისტის პროფესია. ასევე დაცული და დაბალანსებული მესაკუთრის, დამფუძნებლისა და რედაქტორის ქონებრივი შემოქმედებითი უფლებები და მედიის დემონოპოლიზაციის მუხლებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა.

სამწუხაროდ, ალბათ ბატონ შოთა უტიაშვილს გაუჭირდება პასუხი გაგვცეს ვინ დააკავა. ჟურნალისტი, თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, თუ საჯარო მოხელე, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ვინ არის ჟურნალისტი.

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა არაერთხელ დააყენა საკითხი მთავრობის, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე, მედიის, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის სამართლებრივი დაცვის პრობლემებზე. მაგრამ გარდა ერთი შემთხვევისა, არც ერთხელ არ იყო გათვალისწინებული. მანიფესტაციების შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რომელიც მიტინგებზე ჟურნალისტების აქციის მონაწილეებისგან გამიჯვნას გულისხმობს და ჟურნალისტთა დაცვას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონი იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერით პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო.

ვფიქრობ ეს არის ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და წინაპირობა საქართველოში პროფესიონალი ჟურნალისტების მოღვაწეობის, მათი უსაფრთხოების დაცვის, ახალი იურიდიული და სოციალური მექანიზმის შექმნისა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი კოლეგების მხარდაჭერისათვის მინდა მათი სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ პავლე კუბლაშვილს. იმედია, რომ იურიდიული კომიტეტი კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს, ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან, ჟურნალისტთა პროფესიული დაცვის იურიდიული გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.

ერთხელ და სამუდამოდ იურიდიულად უნდა ჩამოყალიბდეს განმარტება, ვინ არის პროფესიონალი ჟურნალისტი და ვინ არის მოქალაქე ჟურნალისტი?! რა მოვალეობით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველას მოქალაქის სტატუსი გვაქვს. კანონის წინაშე ყველა თანაბრად ვაგებთ პასუხს," - განუცხადა "ჯეონიუსს" მედიაექსპერტმა ჰამლეტ გეგიამ.

პრესაში აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ფოტორეპორტიორების დაჭერას ერთი დღით წინ  შსს–ს მინისტრის ვანო მერაბიშვილის "ეხო–მასკვისთან" ინტერვიუ უსწრებდა, სადაც საუბარი "ჯაშუშური ქსელის" პირადად კონტროლს შეეხებოდა.

"ქვეყანაში რუსული დაზვერვის არხების 90 პროცენტი გადაკეტილია. რუსი ჯაშუშების ნაწილი კი ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშაა," – განაცხადა "ეხო მასკვისთან" ვანო მერაბიშვილმა.

ამასთან პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის პირველი პირის პირადი ფოტოგრაფის დაკავებას მტკივნეულად აფასებს.  მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ადმინისტრაციის პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმოვანა.

"შემიძლია გითხრათ, რომ ეს დიდი დარტყმა და სამწუხარო ფაქტი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის, თუმცა ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული. ამ თემასთან დაკავშირებით  დამატებითი კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებთ", - აღნიშნა მანჯგალაძემ და იქვე დასძინა, რომ დაკავება არ უკავშირდება მედიის თემას და ჟურნალისტთა საქმიანობის შეზღუდვას.

"დაკავებულთაგან ორი საჯარო მოხელე იყო და მათ დაკავებას არანაირი კავშირი არა აქვს პროფესიულ საქმიანობასთან. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კანონითაა დაცული", - განმარტა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის დაკავებას 26 მაისს განვითარებულ მოვლენებთან არავითარი კავშირი არა აქვს.

რაც შეეხება, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გია აბდალაძესთან დაკავშირებული პოზიცია ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ  გაახმაურა.

"საჯარო მოხელეებს კონკრეტული ვალდებულებები გააჩნიათ იმ მასალების განკარგვასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ფლობენ. საჯარო მოხელეს ფოტოს მესამე პირზე გაყიდვის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი უწყების თანხმობის შემთხვევაში. მას არ ჰქონდა უფლება გაეყიდა ფოტო მესამე სააგენტოზე. აბდალაძის მიერ გავრცელებული ფოტო იყო საგარეო უწყების დაკვეთა, ის არ იყო მისი პირადი საკუთრება. ფოტომასალის განკარგვის უფლება მხოლოდ საგარეო უწყებას ჰქონდა." - განაცხადა კალანდაძემ.

ჟურნალისტებისა და საზოგადოების პროტესტის, შემდეგ შსს–ს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა, თუმცა შეხვედრა ისევ შეთანხმების გარეშე დასრულდა.

როგორც აუდიენციის შემდეგ ჟურნალისტებს, ლაშა ტუღუშმა განუცხადა, მათი მოთხოვნებიდან, არც ერთი არ დაკმაყოფილდა.

"ფოტორეპორტიორების თავდებით გამოშვების შესახებ მინისტრმა კატეგორიული უარი განაცხადა. ასევე გვითხრა, რომ ძიების პროცესში საქმე ისევ "გრიფით საიდუმლო" იქნება. მისი ერთადერთი პასუხი ის იყო, რომ ფოტორეპორტიორების მიმართ ძალიან მყარი ფაქტბი არსებობს, რომ ისინი "გრუ"-ს აგენტები არიან. ამიტომ მხოლოდ სასამართლო პროცესი იქნება ღია." - განაცხადა ტუღუშმა.

დაკავებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც გაიმართა. პროტესტი ჟურნალისტებმა თვალების დახუჭვითა და ყურების დაცობით გამოხატეს.

"დღეს ქვეყანაში ყველა საკითხს ერთპიროვნულად სააკაშვილი წყვეტს. ამ პროტესტით პრეზიდენტს სარკე დავანახეთ, რაც იმიზე მეტყველებს, რომ ვერაფერს ხედავენ და არაფერი ესმით. ყოველდღე უსინდისოდ გვატყუებენ", - განაცხადა "ალია ჰოლდინგის" წარმომადგენელმა დიმიტრი ტიკარაძემ და აქვე დასძინა, რომ ფოტორეპორტიორების მხარდაჭერი აქცია სხვადასხვა სახით ჩატარდება.

ამასთან ჟურნალისტები დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

მუხლი 314–ე პირველი ნაწილი, "მოსკოვს გადასცემდნენ საიდუმლო მასალებს", - ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

აქციების მიუხედავად ისევ "გრიფით საიდუმლოა". დეტალები არ გახმაურდება. საზოგადოება ღია სასამართლო პროცესის მოლოდინშია?!
 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43