ჟამთააღმწერი

ციურ მნათობთა თაყვანისცემიდან მოყოლებული მიწიური კერპების გამოჩენამდე გასული დრო

კვირა, 10 ივლ 2011 17:07

"ქართლის ცხოვრებიდან" ჩანს, რომ მცხეთოსის სიკვდილისა და ციურ მნათობთა თაყვანისცემის დაწყებიდან, გარკვეული დროის შემდეგ - ქართლის სამეფოში ჩამოსახლებულან სხვადასხვა რჯულის ხალხები - თურქები, ბერძნები, ხაზარები, ასურელები და ებრაელები, რასაც მოჰყოლია კერპთაყვანისმცემლობის სხვადასხვა ფორმების გამოვლენა. ჩვენთვის საძიებელი - ციურ მნათობთა თაყვანისცემის დაწყებიდან, მიწიური კერპების გამოჩენამდე გასული დროის დასადგენად "ქართლის ცხოვრებაში" ორი ღია ორიენტირია მოცემული - ებრაელთა ქართლში ჩამოსახლება და ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებული თემა.
როგორც აღვნიშნეთ, მცხეთოსის გარდაცვალების შემდეგ, ქართლში, ციურ მნათობთა თაყვანისცემა, დაწყებულა: "ადამითგან" - 2025 წლის სიახლოვეს, რასაც - ქრისტეს შობამდე 3579 წელი შეესაბამება (5604 - 2025 = 3579 წელი).

სამწუხაროდ, "ქართლის ცხოვრებაში", ზემოთაღნიშნული - სხვადასხვა რჯულის ხალხთა, ქართლის სამეფოში, ჩამოსახლების ზუსტი დრო არ გვიკონკრეტდება.

დროითი თვალსაზრისით, ერთგვარ ორიენტირად შეიძლება გამოდგეს - ებრაელთა ქართლში ჩამოსახლების საკითხი. ჩვენი საკვლევი თემატიკიდან გამომდინარე, ამჟამად, აქ, არ განვიხილავთ ებრაელთა ჩამოსახლებასთან დაკავშირებით "მოქცევაჲ ქართლისაჲსა" და "ქართლის ცხოვრებაში" არსებულ განსხვავებულ ინფორმაციებს [იხ. ს. სალუაშვილი 2009: 36-37].

"ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ - "...მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუვნა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს..." [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 15].

ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ - "...ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ებრაელების მოსვლის პირველ ტალღას ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს (ძვ.წ. VI ს)..." [ქ.ს.ე. 1978: 667].

და მართლაც, ნაბექოდონოსორ II-მ - "... ძვ.წ. 597 წელს აიღო იერუსალიმი, ძვ.წ. 586 წელს ხანგრძლივი ალყის შემდეგ ხელმეორედ დაიმორჩილა და დაანგრია იგი. იერუსალიმის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაბილონში გადაასახლა..." [ჯ. შარაშენიძე 1985: 282].

"ქართლის ცხოვრება" ამის შემდეგ აღარაფერს გვეუბნება, ქართლში, უცხო ხალხთა ჩამოსახლების შესახებ, და მხოლოდ სპარსეთის სამეფოს მძლავრობის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. მაშასადამე, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვა რჯულის ხალხთა აღრევა - ძვ.წ. VI ს-ში ქართლში ებრაელთა ჩამოსვლით დამთავრებულა.

დროითი თვალსაზრისით, მომდევნო ორიენტირად შეიძლება გამოდგება - ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებული საკითხიც.
"ქართლის ცხოვრებიდან" გვეუწყება, რომ ალექსანდრეს ქართლი დაუპყრია, და - "... პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა..." [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 27], რის შემდეგაც ქართლის მმართველად დატოვებულ აზონს - "... უბრძანა ალექსანდრე აზონს რათა პატივს ცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა..." [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 18].

"...როგორც ცნობილია "ძვ.წ. - 332-331 წ.წ. მისმა არმიამ უბრძოლველად დაიკავა ეგვიპტე... ნილოსის დელტაში ქ. ალექსანდრიის დაარსების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელი მესოპოტამიაში გადავიდა...".

ლეონტი მროველის მიხედვით, კი ეს ყველაფერი ქართლიდან მისი წასვლის შემდეგ ხდება - "და ვითარ წარვიდა ალექსანდრე ეგჳპტედ, აღაშენა ქალაქი ალექსანდრია"-ო. მაშასადამე, ძვ. წ. 332 წ. უნდა იყოს - მცხეთელი სამარასა და მისი ძმის, ანუ ფარნავაზის მამის მოკვდინების - ზედა მიჯნა.

ლეონტი მროველის მიხედვით, იმის შემდეგ, რაც ალექსანდრე - "... დადგა მცხეთას... სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექუს თუე... ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა თერთმეტ თუე"-ო.

მაშასადამე, თუ ალექსანდრეს ქართლიდან "წასვლის ზედა" თარიღი - ძვ. წ. 332 წელია, მაშინ მის მიერ მცხეთის აღების, ანუ სამარასა და მისი ძმის მოკვდინების სავარაუდო დრო, კიდევ - "ექუს თუე"-ს დამატებული "თერთმეტ თუე", ანუ - 17 თვით გადაიწევს და ძვ. წ. 333-332 წლებს შუა მოექცევა..." [მ. სალუაშვილი 2008: 25].

სხვადასხვა ისტორიული წყაროებისა და "ქართლის ცხოვრებაში", ლეონტი მროველის მიერ მოცემულ მინიშნებათა საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - ალექსანდრე მაკედონელის ქართლში შემოსვლა და ციურ მნათობთა თაყვანისცემის აღდგენა სავარაუდოდ ძვ. წ. 333-332 წლებში მომხდარა.

"ქართლის ცხოვრებაში" მოცემულია ჩვენთვის საინტერესო სამი მინიშნება - "...და მოკუდა ალექსანდრე, ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურებად და შექმნა ორნი კერპნი ვერცხლისანი: გაცი და გაიმ... ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლული იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა და შელტოლვილ იყო კავკასიად... ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა და სამეოცდახუთ წელი მეფობდა ნებიერ..." [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 20-25].

ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აზონმა კერპები შემოიღო - ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან ვიდრე ფარნავაზის გამეფებამდე.

ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელის დაბადება-გარდაცვალების წლებია - "... ძვ.წ. 356 წ. 21/VII ქ. პელა - ძვ. წ. 323 წ. 13/VII ბაბილონი..." [ქ.ს.ე. 1975: 294].

როგორც ზემოთაც ითქვა, ალექსანდრე მაკედონელის ქართლში შემოსვლის - "... დროისთვის ფარნავაზი "სამისა წლისა ყრმა" იყო, მაშინ ფარნავაზი დაბადებულა არა უგვიანეს ძვ. წ. 336-335 წლებში. რაც სავარაუდოთ ალექანდრე მაკედონელის გამეფების წლებზე მოდის...
ზემოთქმული, რამდენიმე საინტერესო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა:
- ფარნავაზი დაბადებულა ძვ. წ. 336-335 წლებში;
- მცხეთელი მამასახლისი სამარა და მისი ძმა, ანუ ფარნავაზის მამა, მოუკლავთ: ძვ. წ. 333-332 წლებში, როცა "ფარნავაზ სამისა წლისა ყრმა" იყო;
- ფარნავაზი: "ოცდაშვიდისა წლის მეფე იქმნაო", ე.ი. იგი გამეფებულა: ძვ.წ. 309-308 წლებში..." [მ. სალუაშვილი 2008: 25].

მაშასადამე, აზოს მიერ მიწიური კერპების შემოღების სავარაუდო თარიღი - ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან - ფარნავაზის გამეფებამდე, ანუ ძვ.წ. 323 წლიდან, ვიდრე ძვ.წ. 309-308 წლამდე დროის მონაკვეთშია მოთავსებული.

როგორც უკვე ითქვა, ქართლში ციურ მნათობთა თაყვანისცემა დაწყებულა, მცხეთოსის სიკვდილის შემდეგ ე.ი. ძვ.წ. 3579 წელს.
გარკვეული დროის შემდეგ, ქართლში, სხვადასხვა რჯულის ხალხთა ჩამოსახლების პარალელურად, გავრცელებას იწყებს კერპთაყვანისმცემლობის სხვადასხვა ფორმა და მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელის შემოსვლის დროისთვის, ანუ - ძვ. წ. 333-332 წლებში კვლავ აღდგენილა ციურ მნათობთა თაყვანისცემა.

ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან (ძვ. წ. 323 წ.) ვიდრე ფარნავაზის გამეფებამდე (ძვ.წ. 308 წ.), ქართლის მმართველის აზონის მიერ ხდება - მიწიერი კერპების თაყვანისცემის შემოღება.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - ციურ მნათობთა თაყვანისცემიდან ძვ.წ. 3579 წლიდან, ვიდრე მიწიური კერპების გამოჩენამდე - ძვ.წ. 308 წლამდე, გასულია 3271 წელი.

ცნობისთვის, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ-ისტორიკოსთა სასწავლო-შემოქმედებითი გაზეთი "ჟამთააღმწერი" და ახალი ამბების სააგენტო "ჯეონიუსი" გთავაზობთ ისტორიას საქართველოს გაქრისტიანებისა და საქართველოში წარმართული სარწმუნოების ისტორიის ზოგიერთ საკითხს.

აღნიშნული მასალების ავტორი საბა სალუაშვილია და ამ მასალებს "ჯეონიუსი" ყოველ კვირას შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

წარღვნიდან ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე

ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ წარღვნა დედამიწაზე წელიწადი და 10 დღე გრძელდებოდა. ბიბლიაში, წარღვნის დროს, ღმერთის მიერ ნოესთან საუბარზე არაფერია ნათქვამი. წარღვნის შემდეგ, უფალ ღმერთსა და ნოეს შორის პირველი საუბარი კიდობნიდან ნოეს გამოსვლას უკავშირდება - "ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები" [დაბ. 8,15-16].

წარღვნის დამთავრებიდან - ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე გასული დრო

ბიბლიიდან გვეუწყება, რომ წარღვნას გადარჩენილი ნოეს მოდგმა - ჯერ არარატის მიდამოებში, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ - შინყარის ველზე მკვიდრდება, სადაც ბაბილონის გოდოლის აშენებას იწყებენ.

წარმართობიდან - ქრისტიანობამდე

jamtaagmweriროგორც ზემოთაღნიშ-ნულიდან დავინახეთ, ქართლში - წარმართული ხანა, თარგამოსის შვილიშვილის - მცხეთოსის სიკვდილის შემდეგ იწყება. წარმართობის გამომწვევ მიზეზად - ერთის მხრივ, შეიძლება ჩაითვალოს თარგამოსიანთა მოდგმის ერთობის დარღვევა, რომელსაც გამოუწვევია ერთი ჭეშმარიტი ღმერთის დავიწყება, ხოლო მეორეს მხრივ კი - ერთი ღმერთის დავიწყება, რომელსაც შემდგომში ურთიერთდაპირისპირება მოჰყოლია.

კავკასიაში დამკვიდრებული თარგამოსის მოდგმა

jamtaagmweriბიბლიური ცნობების თანახმად ვგებულობთ, რომ წარღვნის დასრულებისას - ნოეს კიდობანი არარატის მთებთან გარიყულა. გარკვეული ხნის შემდეგ, გამრავლებული ნოეს მოდგმა ტოვებს თავის ახალ საცხოვრებელ ადგილს და - "... დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ" [დაბ. 11,2].

სამყაროს შექმნიდან წარღვნამდე გასული დრო

ჩვენს მიერ განხილული საკითხი "ერთი ღმერთიდან ვიდრე ერთ ღმერთამდე" როგორც ვნახეთ, რამდენიმე სარწმუნოებრივი საფეხურისგან შედგება. თავის მხრივ, თითოეული ეს საფეხური - დროის გარკვეულ მონაკვეთს მოიცავს.

წარმართობიდან - ქრისტიანობამდე: ცეცხლთაყვანისმცემლობა

როგორც დავინახეთ, თარგამოსიანთა მოდგმის მიერ, ერთი ღმერთის დავიწყებას, ციურ მნათობთა თაყვანისცემა მოჰყვა. დროთა განმავლობაში, მიზეზთა გამო, ქართლის სამეფოში თანდათანობით გავრცელება დაიწყო კერპთაყვანისცემლობის სხვადასხვა ფორმებმა, მათ შორის იყო - ცეცხლთაყვანისმცემლობაც.

ფოტოკოლაჟი