დედოფლისწყაროს გამგებლის მეუღლე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ხელმძღვანელი თეა ლეკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრძანებას ხელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ალუღიშვილმა მოაწერა.
"ქიზიყის“ ინფორმაციით, ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზი ქორწინება გახდა, რის შემდეგაც ინტერესთა შეუთავსებლობა წარმოიშვა. თეა ლეკაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელ ნიკოლოზ შანშიაშვილზე ახლახან იქორწინა.
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მიხედვით, არ შეიძლება საჯარო მოხელეს დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები. ასევე, სახელმწიფო მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას.
გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში აცხადებენ, რომ ამჟამად უფროსის მოვალეობას ამავე სამსახურის თანამშრომელი მზია გოგაშვილი ასრულებს.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად უახლოეს მომავალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კონკურსს გამოაცხადებს.
"ქიზიყის“ ინფორმაციით, თეა ლეკაშვილი მუშაობას არასამთავრობო სექტორში განაგრძობს. ის კავშირ „ახალ სიტყვა – ახალი ინიციატივა“–ს ხელმძღვანელია. ორგანიზაცია დონორების ფინანსური დახმარებით საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს. ლეკაშვილი მანამდე გამგებლის თანაშემწედ და გამგეობის აპარატის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორად მუშაობდა.
ცნობისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით შექმნილი მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დედოფლისწყაროში 2011 წლის 27 იანვარს გაიხსნა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა. პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში განხორციელდა.
მსგავსი სიახლეები
გურჯაანის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს თებერვლიდან გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.
ხანძრის შედეგად ქათმის ფერმა დაიწვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
ლაგოდეხს სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყლის გარეშეა დარჩენილი სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიც. უწყლობამ პრობლემები შეუქმნა ლაგოდეხის ნაკძალში მდებარე სასტუმროს სტუმრებს და დამსვენებლებს.
სოფელ კოდაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კიდევ ერთი ნაწილი გაიხსნა. რეგიონს 15 მეხანძრე-მაშველი მოემსახურება. ყოველდღიურად მუშაობა სამ ჯგუფს შეეძლება. სამაშველო სახანძრო შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
თელავში სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. მას "კონსერვატიული პარტიის" თელავის რაიონული ორგანიზაცია და "ეროვნული საბჭო" უხელმძღვანელებს.
ფოთის ადგილობრივ ბიუჯეტს თბილისში ნიკოლა სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე შესაკრებად მოსახლეობის ჩაყვანა 6 ათასი ლარი დაუჯდა. აღნიშნულ ინფორმაციას "tspress.ge" ავრცელებს.






































