სპორტი

თემურ უგრეხელიძე: „თბილისის „დინამოს“ აკადემიაში არც ერთი ბავშვი გადასახადს არ იხდის

ოთხშაბათი, 18 იან 2012 19:46

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რა პრობლემებია დღეს ქართულ ფეხბურთში. ექსპერტები ერთადერთ გამოსავალს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ხედავენ. თუმცა, ხშირად ისმის, რომ მომავალი ფეხბურთელების აღზრდა არასწორად ვითარდება... ხშირ შემთხვევაში, კრიტიკის მიზეზი არასწორი ვარჯიშები ან ცუდი მინდვრის საფარია. ბოლო დროს ბავშვთა საფეხბურთო სკოლები მომრავლდა. მაგრამ ვის ხელშია მომავალი თაობა, როგორია მწვრთნელთა პროფესიონლიზმი, გაურკვეველია, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე არ არსებობს ორგანო, რომელიც ამ პრობლემას სათანადოდ მიხედავს.

ასევე აქტუალურია სწავლების საფასურის საკითხი, საფეხბურთო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვმა ფეხბურთზე უფასოდ უნდა იაროს.

საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსი" დაინტერესდა, თუ რა ხდება საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებში, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საკითხთან დაკავშირებით პერიოდულად მოგაწოდოთ ინფორმაცია.

ჩვენი პირველი სტუმარი თბილისის "დინამოს" ბავშვთა აკადემიის კოორდინატორი თემურ უგრეხელიძეა.

 

თემურ უგრეხელიძე: "თბილისის "დინამოს" აკადემიაში დღემდე  ოთხი ასაკობრივი გუნდი არსებობდა, 2012 წლიდან კი ექვსი ასაკობრივი გუნდი გვეყოლება. 1994-95, 1996-97-წლიანები ერთ ჯგუფში რჩებიან, ცალკე იქნება 1998 და 1999 წელს დაბადებულთა ჯგუფი, ასევე გადანაწილდნენ 2000 და 2001 წელს დაბადებული ბავშვები. "დინამოს" აკადემიაში ყველაზე პატარა მოთამაშე 11-12 წლისაა".

- როგორ უნდა მოხვდეს ბავშვი "დინამოს" აკადემიაში?

- "დინამოს" აკადემიაში ბავშვების მიღება ხდება თავიანთი ნიჭის მიხედვით. ჩვენ გვყავს სელექციონერები და მწვრთნელები, რომლებიც იძიებენ ნიჭიერ ბავშვებს და იწვევენ შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში. ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რაიონებიდან.

- ხშირ შემთხვევაში, სწორედ რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები ისევ უკან ბრუნდებიან, რადგან ისინი ვერ იხდიან სწავლის საფასურს. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ "დინამოს" აკადემიაში?

-  ჩვენთან ბავშვები გადასახადს არ იხდიან. მათ კონტრაქტს ვუფორმებთ და ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს სტიპენდიასაც ვუნიშნავთ. თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად ვუდგებით და შესაბამისად ვეხმარებით - ეს იქნება საცხოვრებლით უზრუნველყოფა თუ სხვა... "დინამოს" აკადემიისთვის ბაზა შენდება, რომელიც 6 თვეში დასრულდება. ბაზაზე განთავსდება 3 მოედანი (2 ხელოვნურსაფარიანი და 1 ბუნებრივი) და საცხოვრებელი ფართიც.

რაც შეეხება აკადემიის აღზრდილების მომავალს, ბუნებრივია, ყველა დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, მაგრამ ჩვენ მათ გზის გაკვლევაში ვეხმარებით - ვანათხოვრებთ ან სხვა გუნდში გადასვლაში ვეხმარებით. ჩვენი აკადემიის აღზრდილები არიან ზესტაფონში მოთამაშე ფეხბურთელები  - შოთა გრიგალაშვილი, ჯაბა დვალი, უჩა ლობჟანიძე.

- მწვავედ დგას სერთიფიცირებული მწვრთნელების საკითხი. ქართული ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთ დამაბრკოლებელ პრობლემად საფეხბურთო განათლების არმქონე მწვრთნელებს მიიჩნევენ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ "დინამოს" აკადემიაში?

- ჩვენთან ყველა მწვრთნელი განათლებული და სერთიფიცირებული იყო და არის. მათგან ზოგს A კატეგორიის ლიცენზია აქვს, ზოგს B და ა.შ. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე გვყავს ძალიან გამოცდილი დირექტორი ანდრეს კარასკო, რომელიც კატალონიურ "ბარსელონაში" მუშაობდა; იგი როგორც პრაქტიკოსი, ისე თეორიტიკოსი მწვრთნელია, მან ძალიან ბევრი რამ ასწავლა ჩვენს მწვრთნელებს. გარსია ძალიან ხშირად ატარებს თეორიულ ლექციებს "დინამოს" მწვრთნელებისთვის. მას აქტიური ურთიერთობა აქვს მათთან, სავარჯიშო გეგმებსაც ერთად ადგენენ.

- როგორია მშობლების დამოკიდებულება? ვგულისხმობ ცნობილ "მოქრთამვის" ფაქტებს... 

- მწვრთნელის საქმეში მშობლები არ ერევიან. ისინი ვარჯიშს ესწრებიან, მაგრამ მხოლოდ შორიდან ადევნებენ თვალს. რაც შეეხება მშობლების მხრიდან ქრთამის გადახდას, რომ მათ შვილი უფრო პრივილიგირებული იყოს, მსგავსი ფაქტები "დინამოს" აკადემიაში არ არსებობს. მშობელს ნამდვილად არ აქვს იმის შიში, რომ მწვრთნელი მათი შვილის მიმართ უყურადღებო იქნება, რადგან მათ პირდაპირ აქვთ მითითებული, რომ ყველა ბავშვმა თანაბარი დატვირთვით უნდა ითამაშოს.

- როდის განაახლებენ ბავშვები ვარჯიშს და რა გეგმები აქვს "დინამოს" აკადემიას?

- 23 იანვრიდან ყველა ასაკობრივი ჯგუფი  აქტიურ ვარჯიშს დაიწყებს. აპრილის თვეში ბარსელონაში გასამართ ტურნირზე ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ გვაქვს, ჩვენი რომელი ასაკობრივი გუნდი იასპარეზებს.

თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროცესშია. დიდი დანახარჯისა და შრომის შედეგს კი მალე ვიხილავთ.

 

 სალომე ბალახაშვილი

ფოტო: ბადრი კეთილაძე

 

 

მსგავსი სიახლეები

რობენი ისევ ტრამვირებულია

მიუნხენის "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი არიენ რობენი, რომელიც მწყობრში ტრამვის შემდეგ 19 ნოემბერს დაუბრუნდა თავის გუნდს, კვლავ მიიღო დაზიანება და, სავარაუდოდ, "ბუნდესლიგის" მე-15 ტურის თამაშში ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ ვერ მიიღებს მონაწილოებას.

საქართველო ხორვატიის შეხვედრას პაოლო ტალიავენტო განსჯის

საქართველოს ერონული ნაკრებისა და ხორვატისს 26 მარტს გასამართ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი კი პაოლო ტალიავენტო იქნება. იტალიელ არბიტრს სხვა დროს არც ხოვატიის და არც საქართველოს ნაკრების შეხვედრები არ უმსაჯია.

"ბარსელონა" ბეილის სანაცვლოდ 35 მილიონ გირვანქას იხდის

გარეტ ბეილიკატალონიის "ბარსელონა" ლონდონის "ტოტენჰემთან" ბეილის შეძენის თაობაზე მიმართვის გაგზავნას აპირებს. ბრიტანული გამოცემა "Daily Mail"–ი იუწყება, რომ კატალონიელები მზად არიან 22 წლის ინგლისელის სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

ახალგაზრდა "ჯვაროსნების" მეტოქე დღეს გაირკვევა

უეფას ევროპის ჩემპიონთა ელიტრაუნდის კენჭისყრა ლიუბლიანაში დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

ზინედინ ზიდანმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო

ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო, - ინფორმაციას ფრანგული გამოცემა EKIP-ი ავრცელებს.

სომხეთის ნაკრები საქართველოსთან უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს

სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვარდან მინასიანის განცხადებით, 9 თებერვალს გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის თემურ ქეცაბიას მსგავსად მოედანზე ისიც უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანას აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მინასიანი არ აპირებს კლუბებს რომელიმე ფეხბურთელი დაუთმოს და ყველას გამოიძახებს სათამაშოდ.

ფოტოკოლაჟი