ბოტულიზმის დიაგნოზით კახეთიდან თბილისში გადმოყვანილი მამაკაცი გარდაიცვალა
ბოტულიზმის დიაგნოზით, დედოფლისწყაროდან თბილისში, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადის მიერ გადმოყვანილი მამაკაცი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც "ჯეონიუსს" "ქიზიყიდან" აცნობეს, 74 წლის მათე გოგოლაურის ცხედარი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში უკვე გადაასვენეს.გარდაცვლილის ვაჟის დავით გოგოლაურის განმარტებით, დიდთოვლობისა და ტრანსპორტის არარსებობის გამო, ცხედარის გადასვენებაში ოჯახს პრობლემა შეექმნა:
"ფული არ გვქონდა და ცხედარის გადასასვენებლად ტრანსპორტის დაქირავებაც ვერ მოვახერხეთ. სხვა გზა არ იყო, ჩვეულებრივი მანქანით ძლივს გადმოვასვენეთ. ძალიან გაჭირვებული ოჯახი გვაქვს, სოციალურმა სააგენტომ ისეთი მაღალი ქულები მოგვანიჭა, რომ ვერც დახმარებას ვიღებთ და ვართ ასე. საერთოდ, მამაჩემს გულის პრობლემები ბოლო დროს სულ ჰქონდა, თუმცა ახლა მოიწამლა და მდგომარეობა ამიტომ გაურთულდა", – ამბობს დავით გოგოლაური.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან თბილისში მამაკაცი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ 13 თებერვალს გადმოიყვანა. ის სახლის პირობებში დამზადებული კიტრის მწნილით მოიწამლა.
„პაციენტს მხედველობის გაორება და ყლაპვის გაძნელება აღენიშნებოდა. მას პირველადი გადაუდებელი დახმარება ადგილზე გავუწიეთ. პაციენტი საშუალო სიმძიმის იყო, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან შემოყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული იყო,“ – ამბობს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი.
შეგახსენებთ, გარდაცვლილი შვილის უგზო–უკვლოდ გაუჩინარებასაც განიცდიდა. მისი უმცროსი ვაჟი, 34 წლის ემზარ გოგოლაური გასული წლის 4 მაისს სახლიდან გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. პოლიციამ მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნო, შსს მის საძიებო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობს.
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დღეს აჭარას ეწვია და მშენებარე საავადმყოფოები დაათვალიერა. ცნობილია, რომ ყველაზე დიდი კლინიკა 120 საწოლზეა გათვლილი.
შიდსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ დაღუპვის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. აივ ინფექციის მატარებელმა მამაკაცმა ექიმს დაავადების ბოლო სტადიაზე მიმართა, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სექტემბრიდან დამწვრობის ცენტრი რეფრალურ ჰოსპიტალში გადაინაცვლებს. ამ დროსთვის თერმული დაზიანების განყოფილებაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სეზონური ვირუსების მატებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.
ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრს უახლესი სამედიცინო აპარატურა ექნება, რომელიც ერთადერთია ამიერკავკასიაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის განცხადებით, საქართველოში ნაწლავური ინფექციის გავრცელების ალბათობა ძალიან დაბალია






































